აქტუალური
ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესში არსებულ ტენდენციებს პოზიტიურად აფასებს

 საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. ევროკავშირი საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესსა და სავიზო ლიბერალიზაციის მიმართულებით არსებულ პოზიტიურ ტენდენციებს მიესალმება, – პირველი არხის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკაზე, ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წარმატებულ იმპლემენტაციაზე, ასევე ევროკავშირთან მაღალი დონის უპრეცედენტო ფორმატის როლზე, რომლის პირველი შეხვედრა ნოემბერში ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისიის პრეზიდენტის თავმჯდომარეობით გაიმართება.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და აღნიშნული რეგიონების დეპოპულაციაზე, რასაც ევროკომისიის პრეზიდენტმა ძალიან სამწუხარო უწოდა.

ჟან-კლოდ იუნკერმა პოზიტიური შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას – ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.