პოლიტიკა
საქინფორმი: მერაბიშვილს ქრონიკული სურდო და ბლეფ-კონიუნქტივიტი სჭირს

 საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ადვოკატები ტყუილს ამბობენ.

რასაც ადვოკატები ამბობენ, არის ტყუილი და რასაც ჩვენ ვამბობთ, სიმართლეა. ეს შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მას ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს. მსჯავრდებულს დაესვა დიაგნოზი და შესაბამისი მკურნალობა აქვს დანიშნული, რომელსაც პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი უზრუნველყოფს“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, მერაბიშვილი რამდენჯერმე იქნა გადაყვანილი მასთან შეთანხმებით შერჩეულ სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას ჩაუტარდა ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციები და შესაბამისი ინსტრუმენტული და მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები. კერძოდ: ოტო-რინო-ლარინგოლოგის, ოფთალმოლოგის, ნევროლოგის კონსულტაციები და შესაბამისი გამოკვლევები; მათ შორის, თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა ანგიოგრაფიულ რეჟიმში, კისრისა და ხერხემლის სვეტის მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, გულმკერდის და დანამატი წიაღების რენტგენოგრაფია, რინოსკოპია, ოფთალმოსკოპია.

რაც შეეხება დიაგნოზს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია, დიაგნოზი გასაჯაროვდეს. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, მსჯავრდებულს დაუდგინდა დიაგნოზი: ვაზომოტორული რინიტი, ჰორნერის სინდრომი (მარჯვნივ), ბლეფარო-კონიუნქტივიტი“, – აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.