საზოგადოება
ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა აშშ-ში იმ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელსაც ვახორციელებთ რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში - პრემიერი ბახტაძე

 საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ტელეიმედის“ ეთერში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს იმ სამშვიდობო ინიციატივებთან დაკავშირებითაც, რომლებიც გაჟღერდა რამდენიმე თვის წინ.

პრემიერის განცხადებით, საქართველო არის მაგალითი იმისა, თუ როგორ მიიღო ქვეყანამ ორპარტიული მხარდაჭერა.

საქართველო არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება სხვადასხვა პოლიტიკოსების მხრიდან, გადაწყვეტილებებში მონაწილე უწყებების მხრიდან კონსენსუსის მიღწევა აშშ-ში. საქართველო არის მაგალითი იმისა, თუ როგორ მივიღეთ ჩვენ ორპარტიული მხარდაჭერა.

შესაბამისად, ჩვენი პოზიციები აშშ-ში არის ძალიან მტკიცე და აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა, მათ შორის იმ პოლიტიკაშიც, რომელსაც რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში ვახორციელებთ. ჩვენ გავაჟღერეთ ჩვენი სამშვიდობო ინიციატივები და ჩვენი მეგობრების სრული მხარდაჭერა გვაქვს ამ მიმართულებით.

სწორედ ეს იყო ამავე დროს ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვართ მოხარულები იმ პირდაპირი დიალოგისა, რომელსაც აწარმოებს პრეზიდენტი ტრამპი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში, ვინაიდან ჩვენი დასავლელი მეგობრები იყენებენ თავიანთ ხელთ არსებულ ყველა პოლიტიკურ ინსტრუმენტს, მათ შორის, პრინციპულ დიალოგს იმ პრინციპულ საკითხებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის და ამ პრინციპულ საკითხთა ჩამონათვალში არის საქართველოს ეროვნული ინტერესები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.