საზოგადოება
Numbeo: დანაშაულისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ინდექსის მიხედვით, საქართველო მე-5 ადგილზეა, ხოლო თბილისი - მე-16-ზე

 საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. ცნობილი კვლევითი პორტალის Numbeo-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2018 წელს საქართველომ მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის, დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსების მიხედვით, 2017 წელთან შედარებით პოზიცია ორი საფეხურით გაიუმჯობესა და მეხუთე ადგილი დაიკავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კვლევის თანახმად, საქართველოში უსაფრთხოების ხარისხი გაუმჯობესდა. Numbeo-ს მონაცემებით, დანაშაულის ინდექსი – 20,35, ხოლო უსაფრთხოების – 79,65 ერთეულს შეადგენს.

2018 წელს, წინა წელთან შედარებით, დანაშაულის და უსაფრთხოების ინდექსის მიხედვით მსოფლიო მასშტაბით თბილისიც დაწინაურდა და რეიტინგში მე-19 პოზიციიდან მე-16 ადგილზე გადმოინაცვლა. თბილისში დანაშაულის ინდექსი - 19,81, ხოლო უსაფრთხოების 80,19 ერთეულს შეადგენს.

„Numbeo მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ბაზაა, რომელიც მომხმარებელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნებსა და ცალკეულ ქალაქებში ცხოვრების პირობების, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის, საგზაო მოძრაობის, დანაშაულისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს“, – განმარტავენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.