რელიგია
პატრიარქი კირილი: კიევი წმინდა რუსეთის სულიერი აკვანია, როგორც მცხეთა - საქართველოსი

 საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არასდროს დათანხმდება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობას. ჩვენი ეკლესია არასოდეს მიატოვებს გასაჭირში თავის თანამოძმეებს უკრაინაში და არ განუდგება მათ. ჩვენ არასდროს დავთანხმდებით ჩვენი ეკლესიის წმინდა კანონიკური საზღვრების შეცვლას, რამეთუ კიევი წმინდა რუსეთის სულიერი აკვანია, როგორც მცხეთა - საქართველოსი ან კოსოვო - სერბიისა“, - განაცხადა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა.

მისი თქმით, „დღეს ცდილობენ, უკრაინის ეკლესია ღრმა კონფლიქტში ჩაითრიონ, რომელიც ხლეჩს საზოგადოებას, და ამ კონფლიქტის მძევლად აქციონ ის. მიმდინარეობს ტაძრების ძალადობრივი მიტაცება, სასამართლოების გადაწყვეტილებათა იგნორირება, მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ, უკრაინის პარლამენტი სთავაზობს კანონპროექტებს, რომელთა მიზანია, ქვეყნის უდიდესი რელიგიური თემი უმძიმეს პირობებში ჩააყენოს და მისი დისკრიმინაცია მოახდინოს. კანონიკური ეკლესიის საწინააღმდეგო დისკრიმინაციულ კანონპროექტებს უკრაინაში სთავაზობენ ის დეპუტატები, რომლებიც მხარს უჭერენ გახლეჩას ან ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მიმდევრები ანდა ათეისტები არიან. უკრაინული ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მხრიდან გრძელდება აგრესიული და შეურაცხმყოფელი თავდასხმები მთლიანად ჩვენს ეკლესიაზე და, ასევე, კანონიკურ მართლმადიდებლობაზე უკრაინაში“.