სამართალი
ნიკა მაჭუტაძის პარტიის მიერ პრემიერ მამუკა ბახტაძის ხელმოწერის შესაძლო გაყალბების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

 საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. პროკურატურამ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიის შესაძლო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო პოლიტიკური გაერთიანება სახელმწიფო ხალხისთვის პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა  სიის შესაძლო გაყალბების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა პროკურატურისადმი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 18 სექტემბრის მომართვა, საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდამჭერთა სიის  შესაძლო  გაყალბებასთან დაკავშირებით.

გამოძიების ეტაპზე, საქმესთან დაკავშირებით, ჩატარდება სრულყოფილი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კი დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

ცესკო-ში განაცხადეს, რომ გაერთიანების „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში  პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მონაცემები და ხელმოწერა დაფიქსირდა. თუმცა, ცესკო-ს ცნობით, მხარდამჭერთა ბლანკზე არსებული ხელმოწერა სრულიად განსხვავდება მამუკა ბახტაძის საჯაროდ ცნობილი ხელმოწერისგან.