პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა

 ​საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. საგარეო საქმეთა სამინისტროში 18 სექტემბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 45-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან. შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე მიესალმა ახალ თანათავმჯდომარეებს – ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაერო-ს წარმომადგენელს ჯიჰან სულთანოღლუსა და სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელს რუდოლფ მიხალკას და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შეშფოთება გამოხატა რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრებს ისევე, როგორც მთლიანად ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს. დავით დონდუამ აღნიშნა, რომ სამშვიდობო ფორმატების დაზიანება გამოიწვევს ადგილზე არსებული მძიმე ვითარების კიდევ უფრო გაუარესებას და გამოთქვა იმედი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით მოხერხდება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების დაუბრკოლებელი მუშაობის უზრუნველყოფა, მოლაპარაკებების ფუძემდებლური პრინციპებისა და პროცედურების სრული დაცვით“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათივე ცნობით, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს ომიდან და ჟენევაში სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებიდან 10 წლის თავზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა. ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დღის წესრიგის მთავარ საკითხებს – ძალის არგამოყენების, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების თემებზე პროგრესის მიღწევის საჭიროებას.

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მხარეებმა ისაუბრეს მომდევნო რაუნდზე განსახილველი საკითხების შესახებ. საქართველოს დელაგაციის წარმომადგენლებმა ვრცლად ილაპარაკეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, აფხაზეთისადა ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციასა და სამხედრო წვრთნებზე, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის მძიმე შედეგებზე, უკანონო დაკავებებისა და გატაცებების პრაქტიკაზე. აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების მიზანმიმართულ დისკრიმინაციასა და მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვაზე. აღინიშნა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი მძიმე მდგომარეობა ხელს უწყობს ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციას. განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობის საკითხი.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, დავით დონდუამ თანათავმჯდომარეებს მიმართა ძალისხმევის შემდგომი მობილიზების თხოვნით, რათა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიანი გამოყენების გზით შესაძლებელი გახდეს ადგილზე არსებულ გამოწვევებთან გამკლავება და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების ხელშეწყობა.

ჟენევის მოლაპარაკებების 45-ე რაუნდი 2018 წლის 9-10 ოქტომბერს გაიმართება.