აქტუალური
არანაირი ფაქტი არ მაქვს, რომ სახელმწიფო ეკლესიის შიდა საქმეებში ჩაერია, არც ჩვენ ჩავრეულვართ სახელმწიფო საკითხებში! - მამა დავით ისაკაძე

 საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. "არ მინდა, კადნიერად მივმართო, მაგრამ თუ სალომე ზურაბიშვილმა ასეთი რამ ბრძანა, ეს გაუნათლებლობაზე მეტყველებს, როგორც იურისპრუდენციაში, ასევე ზნეობრივ და მორალურ საკითხებში", – ამის შესახებ ჟურნალისტებს მამა დავით ისაკაძემ განუცხადა, რომელიც კონკორდატთან დაკავშირებით საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„ვინაიდან სასულიერო პირები ვართ, უფლება არ გვაქვს, პოზიცია ისეთ გლობალურ საკითხებზე გამოვხატოთ, როგორიც ნარკოტიკების მოხმარება ან არმოხმარებაა? ჩვენ ადამიანები არ ვართ და ოჯახები არ გვყავს? მრევლი არ გვყავს და საზოგადოების ნაწილი არ ვართ? რაც შეეხება კონკორდატს, მას არანაირი უფლება არ აქვს, კონკორდატში ჩაერიოს, რადგან ეს ორ სუბიექტს შორის საკონსტიტუციო შეთანხმებაა - სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. მასში ჩარევა არავის პრეროგატივას არ მოიცავს. კონკორდატის ცოდნა და შესრულება საჭიროა. არანაირი ფაქტი არ მაქვს იმის, რომ სახელმწიფო ეკლესიის შიდა საქმეებში ჩაერია. სახელმწიფო საკითხებში არც ჩვენ ჩავრეულვართ“, – დასძინა მამა დავითმა.