აქტუალური
პროტესტის მეოთხე დღე: ხორბლის გადამზიდავთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები ფინანსთა მინისტრს შეხვდებიან

 საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან მიმდინარე აქციის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფი ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს შეხვდება. ამის შესახებ პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება. აქციის დანარჩენი მონაწილეები გეზ-თან რჩებიან.

აქციის მონაწილეები საქართველოს ფინანსთა მინისტრის იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ხორბლის გადატანა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უნდა აიკრძალოს.

ხორბლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს გეზ-ის გამშვები პუნქტი ტრაილერებით აქვთ ჩახერგილი. აქციის მონაწილეების თქმით, ფინანსთა სამინისტროს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დრო 18:00 საათამდე აქვს. მათივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მინისტრი ბრძანებას არ გააუქმებს და არ დაუშვებს ისევ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ხორბლის გადაზიდვას, მძღოლები ხვალიდან მასშტაბურ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა-გატანის აკრძალვა 15 სექტემბრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა პირველ ოქტომბრამდე გადავადდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან შექმნილი ვითარების შესახებ განცხადება გაავრცელა. შემოსავლების სამსახურმა დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა და ხორბლის იმპორტიორებს მოუწოდა, საინიციატივო ჯგუფი შექმნან.