პოლიტიკა
როგორ გააერთიანა კანაფმა საქართველოს ორად გახლეჩილი მართლმადიდებელი ეკლესია - საქინფორმი

 საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, 30 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა პარტია „გირჩის“ და მისი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის სარჩელი და ქვეყანაში მარიხუანას თავისუფალი მოხმარების ლეგალიზაცია მოახდინა, როგორც „პიროვნების თავისუფალი განვითარების კანონით დაცული უფლების“. ქართველ საზოგადოებაში ამ გადაწყვეტილებით გამოწვეული მწვავე დებატები ჯერ არ ჩამცხრალიყო, რომ მთავრობამ ახალი გადაწყვეტილებით გაგვაოგნა - ლეგალიზებული იქნეს კანაფის დათესვა, მოყვანა და კულტივაცია სამედიცინო, სამრეწველო მიზნებით, მისი გადამუშავება პარფიუმერულ-კოსმეტიკური და ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების მიზნით, აგრეთვე მცენარე კანაფის თესლისა და ნერგების იმპორტი. დათქმებმა - რომ პროდუქცია მხოლოდ ექსპორტისთვის არის განკუთვნილი და კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობებზე ლიცენზიის მოპოვება შეუძლია მხოლოდ იურიდიულ პირს, რომელიც დაფუძნებულია სააქციო საზოგადოების ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სამართლებრივი ფორმით - საზოგადოება სულაც ვერ დაამშვიდა და მისი წინააღმდეგობა მასობრივ პროტესტში გადაიზარდა.

ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მარიხუანას წარმოების დაკანონებას არავინ ითხოვდა - არც „პროგრესული“ ახალგაზრდობა, რომელიც ღამის კლუბებში პლანით ერთობოდა, არც პოლიტიკური ოპოზიცია. მეტიც - საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთ თვეზე ცოტა მეტით ადრე ძირითადი ოპოზიციური პარტიების მთელმა სპექტრმა, რომლებიც სააკაშვილის ექსმმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ბაზაზე შეიქმნენ, შემთხვევა ხელიდან არ გაუშვა და გამაყრუებელი პროპაგანდისტული კამპანია წამოიწყო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ და მისი თავმჯდომარისა და დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომლებიც „საკუთარი მოგებისთვის მომავალ თაობას წამლავენ“. ამ არეულობაში ყველას „მიავიწყდა“, რომ მარიხუანას თავისუფალი მოხმარების ინიციატორი პარტია „გირჩი“ და მისი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც „ნაცმოძრაობის“ ბაზაზე შეიქმნენ და მისი ხელმძღვანელები სააკაშვილის პარტიის „ახალი სახეები“ იყვნენ.

მთავრობის გადაწყვეტილება - კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში განსახილველად შსს-მ წარადგინა, თუმცა მინისტრმა გიორგი გახარიამ სცადა, „მაქსიმალურად შეეზღუდა საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილების არეალი“ კანაფის მოხმარების შეზღუდვებით - არასრულწლოვანთა მიერ, ავტომობილის საჭესთან და ა.შ. საზოგადოებრივ პროტესტს კი სათავეში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ჩაუდგა, რომელმაც სასწრაფოდ მოიწვია კონფერენცია ამ საკითხზე, გამართა მსვლელობა და აქცია თბილისის საკრებულოსთან, მედიისთვის განცხადებები გააკეთა და სხვ., ხოლო კულმინაციად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის საკვირაო ქადაგება იქცა, რომელმაც ეს გადაწყვეტილება დაგმო.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტესტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა - ამ ეტაპზე საქართველოს პარლამენტში კანაფის დათესვის, კულტივაციის, და ექსპორტის მიზნით ფარმაცევტული და კოსმეტიკური პროდუქციის წარმოების ლეგალიზაციის განხილვა შეჩერებულია.

კიდევ ერთი დადებითი ფაქტორი იყო ამ საკითხში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობის საერთო პოზიციაზე გაერთიანება, რომელიც მანამდე ორ ბანაკად იყო გახლეჩილი ე.წ. ციანიდის საქმის გამო, რომელშიც დეკანოზმა გიორგი მამალაძემ, ვითომდა, ან ილია მეორის, ან მისი მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მოწამვლა სცადა. როგორც საქინფორმი დაწვრილებით იუწყებოდა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი მღვდელმთავრების - წმინდა სინოდის წევრების ნაწილი სრულ უნდობლობას უცხადებდა პროკურატურის გამოძიებას და სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც დეკანოზ მამალაძეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ეს მეუფეებს - მიტროპოლიტებსა და ეპისკოპოსებს შორის წლობით დაგროვილი ურთიერთბრალდებების გადმოღვრის საბაბად იქცა, რომლებიც ერთმანეთს ეკლესიაში ძალაუფლების უზურპაციაში ადანაშაულებდნენ.