საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსი არ აპირებს უკან დახევას მომძლავრებული რუსეთის პირობებში, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია სიმტკიცეს შეინარჩუნებს და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ალიანსში გაწევრიანების დროს სამართლიანობის პრინციპებს გაჰყვება.
ეს განცხადება იენს სტოლტენბერგმა პარასკევს “ჰერითიჯის ფონდში” გამოსვლისას გააკეთა, მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანს ჯონ ბოლტონს შეხვდა.
მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ნატო კონფრონტაციას არ ცდილობს, თუმცა მან მოსკოვი დაადანაშაულა მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ის ვერ ხედავს რუსეთის მხრიდან ქმედებების შესუსტებას. “ვხედავთ, როგორ იყენებს ის სხვადასხვა მედიასა თუ სოციალურ პლატფორმებს, მიმართავს დეზინფორმაციას პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად ევროპის და ნატოსთან დაკავშირებულ ქვეყნებში". ის ამ განცხადებით გამოეხმაურა აშშ-ის თავდაცვის მდივნის ჯიმ მატისის შეშფოთებას, რომ ეს ძალები მაკედონიაში დაგეგმილ რეფერენდუმზე შეეცდებიან ზეწოლას. მატისი სკოპიეში კვირას ჩავა.
სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ალიანსი გააგრძელებს საქართველოს და უკრაინის მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების გზაზე. “საქართველო გახდება ნატოს წევრი”, - თქვა მან.
ნატოს გენერალური მდივანი აშშ-ში ვიზიტით ალიანსისადმი შეერთებული შტატების მხარდაჭერის გაზრდას ცდილობს.