აქტუალური
საქართველოში შობადობა 5,6%-ით შემცირდა

 საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოში 2018 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 24 312 ბავშვი შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 5,6%-ით ნაკლებია, - ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ვებგვერდზე. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 23 603 ადამიანი.

2018 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) 709 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი ქვეყნის 3 რეგიონში ფიქსირდება: . თბილისში (2 109), აჭარაში (1 041) და ქვემო ქართლში (674).

2018 წლის 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 10 373 და განქორწინების 5 075 შემთხვევა.

2018 წლის საბოლოო მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება 2019 წლის მარტის ბოლოს.