საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსს ღვთისმსახურების დროს აღარ მოიხსენიებს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა 2018 წლის 14 სექტემბერს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე.
„სინოდმა გადაწყვიტა, შეჩერდეს კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსის ღვთისმსახურებაზე ლოცვითი მოხსენიება, - განმარტა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკალამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა, - ის, რომ ჩვენ კონსტანტინოპოლის პატრიარქის ლოცვით მოხსენიებას ვწყვეტთ და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იერარქებთან თანამსახურებას ვაჩერებთ, ევქარისტიული კავშირის სრულ შეწყვეტას არ ნიშნავს“.
როგორც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრესმდივანმა, მღვდელმა ალექსანდრე ვოლკოვმა განმარტა, ამ გადაწყვეტილებას შეიძლება ეწოდოს „ყვითელი შუქი - ბოლო გაფრთხილება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან. ჩვენ კარს არ ვხურავთ და დიალოგის განახლებისთვის შესაძლებლობას ვტოვებთ“.
2018 წლის 7 სექტემბერს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა საკუთარი წარმომადგენლები დანიშნა უკრაინაში, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკურ ტერიტორიას წარმოადგენს. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა პასუხად ღრმა აღშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლის მოქმედება საეკლესიო კანონების უხეში დარღვევაა.