აქტუალური
საზღვაო სექტორში კომპანიები ფაქტობრივად ნულოვან საგადასახადო რეჟიმში შეძლებენ მუშაობას - პრემიერი ბახტაძე

 საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. „აჭარის ხელისუფლებასთან ერთად, ვმუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, უკვე მომავალი წლიდან ძალიან მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები მივცეთ იმ კომპანიებს, რომლებიც საზღვაო ბიზნესით და ამ სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის სერვისის მიწოდებით არიან დაკავებულნი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ეს არის მართლაც უნიკალური საშუალება. შემიძლია, დღეს გავაჟღერო რამდენიმე პრინციპიკომპანიები ფაქტობრივად ნულოვან საგადასახადო რეჟიმში შეძლებენ ამ სექტორში მუშაობას, მათ ექნებათ წვდომა უნიკალურ ელექტრონულ სერვისებზე, შეძლებენ რეკრუტირებას ძალიან კომფორტულ გარემოში, ამავე დროს, მოხდება ჩვენი კანონმდებლობის სრული ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან და ბევრი სხვა“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ეროვნული წარმოების განვითარებაზე.

„ექსპორტის ზრდის, მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვის, ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციების დანერგვისა და საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესებში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამავე დროს ეროვნული წარმოების განვითარება და ტრანსპორტს ამ ნაწილში სრულიად განსაკუთრებული და უნიკალური როლი აქვს. ტრანსპორტი და ენერგეტიკა გახლავთ სწორედ ის ორი დარგი, რომელიც აუცილებლად უნდა უსწრებდეს ეროვნული ეკონომიკის განვითარებას. სხვანაირად ის შეიძლება გახდეს ერთგვარი ვიწრო ყელი ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ ეს ძალიან კარგად გვესმის და აქედან გამომდინარე ვახორციელებთ ასეთ მასშტაბურ ინვესტიციებს ამ მიმართულებით“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.