საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. „სალომე, გამოდი, უთხარი ქვეყანას სათქმელი, რა პრეზიდენტობის კანდიდატი ხარ შენ, მონა?“ - ამ შეძახილებით დახვდნენ ქუთაისში მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილს. ისინი ამბობდნენ, რომ აპროტესტებენ ისეთი ადამიანის ჩასვლას ქუთაისში, რომელიც დღემდე ამტკიცებს, რომ საქართველომ მძინარე ცხინვალი დაბომბა. მათ საპრეზიდენტო კანდიდატს პუტინის მონა უწოდეს.
„უარს ვეუბნებით სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების მცდელობას საქართველოში. ეს არის ეროვნული დანაშაული თუ კი ჩვენი ხალხი ამას დაუშვებს. ადამიანი, რომელიც მუდამჟამს იმეორებს იმას, რომ ჩვენ დავბომბეთ მძინარე ცხინვალი ეს არის ჯაშუში, პუტინის მონა“, -განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
სიტუაცია ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა. მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებმა დარბაზში შესვლა სცადეს.
თავად სალომე ზურაბიშვილი დარბაზში უკანა კარიდან შეიყვანეს. მას არ წაუკითხავს ტრანსპარანტები, რომლებიც ადგილობრივებმა მიიტანეს.
„ოკუპანტები შორს ქართული მიწიდან, საქართველოს გაუმარჯოს!“, - სკანდირებდნენ შეკრებილები.
სალომე ზურაბიშვილთან ერთად ქუთაისში იმყოფება კახი კალაძეც, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო.
„თქვენთან მოვედი ისეთი, როგორიც ვარ - ჩემი პრინციპებით, ჩემი წარსულით, ჩემი ხასიათით, ჩემი შეცდომებითა და წარმატებებით... ჩემი ქართული ენით, რომელიც ბევრისთვის მიუღებელია. მე არ გამივლია ყველა საფეხური საქართველოში - სკოლა, უნივერსიტეტი, და ჩემი ქართული ისეთია, როგორიც არის, თუმცა საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობდი!“, - განაცხადა ზურაბიშვილმა და ქართველ სტუდენტებს, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ, ურჩია, ქართული ენა არ დაივიწყონ და სამშობლოში დაბრუნდნენ.