სამართალი
სომხეთის პრემიერმა მაღალჩინოსნებთან და ოლიგარქებთან ჩხრეკის ჩატარების განკარგულება გასცა

 საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მაღალჩინოსნებთან და ოლიგარქებთან ჩხრეკის ჩატარების განკარგულება გასცა. ამგვარად ნიკოლ ფაშინიანი ინტერნეტში სომხეთის ნაციონალური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გავრცელებას გამოეხმაურა.

როგორც სააგენტო News.am წერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სატელეფონო საუბრების მოსმენას ღალატი და სომხეთის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ შეთქმულება უწოდა. როგორც ფაშინიანმა განაცხადა, მან უსაფრთხოების სამსახურსა და პოლიციას დაავალა, უმოკლეს ვადაში გამოავლინონ შეთქმულების მონაწილეები და უმკაცრესი პასუხისმგებლობა დააკისრონ.

პრემიერის თქმით, ზოგიერთმა ოლიგარქმა და მაღალჩინოსანმა ქვეყანაში საკუთარი უსაფრთხოების ძალები და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები შექმნა, ამიტომ სომხეთის პრემიერმა სამართალდამცველებს მაღალჩინოსნებისა და ოლიგარქების დაცვის წევრების განიარაღება მოსთხოვა.

ჩვენ განვაიარაღებთ ყველა დაჯგუფებას, რომელსაც უკანონო იარაღი ექნება. ვავალებ პოლიციასა და უსაფრთხოების სამსახურს, ამ მომენტიდან დაიწყონ რეიდები, დააწვინონ ასფალტზე ოლიგარქებისა და მაღალჩინოსნების დაცვის ყველა წევრი და განაიარაღონ ისინი“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერის განცხადებით, ის ყველა დაკავებაზე პირადად იღებს პასუხისმგებლობას. მან ასევე ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანსა და ექსპრეზიდენტ სერჟ სარგსიანის ძმას – ალექსანდრ სარგსიანს ხალხისთვის „მოპარული ფულის“ დაბრუნება მოსთხოვა.

სერჟ სარგსიანი და რობერტ ოჩარიანი! თქვენ ხალხი გამოიწვიეთ. ვნახოთ ახლა, როგორი იქნება ხალხის პასუხი“, – განაცხადა ფაშინიანმა.

11 სექტემბერს ინტერნეტში სომხეთის ნაციონალური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის არტურ ვანეციანისა და სპეციალური საგამოძიებ0 სამსახურის უფროსის სასუნ ხაჩატრიანის საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. საუბრის მონაწილეები სომხეთის ყოფილ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანთან და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურ მდივან იური ხაჩატუროვთან დაკავშირებულ საქმეებს განიხილავენ. ჩანაწერში ისმის, რომ ვანეციანი თანამოსაუბრეს ქოჩარიანის დაპატიმრების აუცილებლობის შესახებ ეუბნება. ამას გარდა, ისინი ხაჩატუროვის დაკავების საკითხს განიხილავენ, რა დროსაც ვანეციანი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სიფრთხილეა საჭირო, რათა მოსკოვთან ურთიერთობები არ დაიძაბოს. თავის მხრივ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი აღნიშნავს, რომ ხაჩატუროვის დასაკავებლად ყველა საფუძველი არსებობს.

სატელეფონო ჩანაწერების გავრცელების დღესვე ცნობილი გახდა, რომ სომხეთში რობერტ ქოჩარიანის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ყოფილ პრეზიდენტს ფინანსურ მაქინაციებსა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ. არტურ ვანეციანის თქმით, ლაპარაკია ასობით მილიონ დოლარზე.

შეგახსენებთ, რობერტ ქოჩარიანს, ასევე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს იური ხაჩატუროვსა და სომხეთის თავდაცვის ყოფილ მინისტრს მიკაელ არუთუნიანს 2008 წლის მარტის მოვლენებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო წყობის დამხობაში ბრალი უკვე წაუყენეს.

2008 წელს სომხეთში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს 10 ადამიანი ემსხვერპლა.