პოლიტიკა
საქართველოს და ყაზახეთს განზრახული აქვთ, 600 ათასი ტონა ტვირთის გადაზიდვა განახორციელონ - საქართველოს მთავრობის მორიგი მიღწევა სომხეთთან შეთანხმების შემდეგ - საქინფორმი

 საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სომხეთში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იყო შეთანხმება ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვის 1 მილიარდ დოლარამდე გაზრდის თაობაზე. დღეს ცნობილი გახდა მორიგი შეთანხმების შესახებ - ახლა უკვე საქართველოსა და ყაზახეთს შორის.

„საქართველოს რკინიგზა“ ყაზახეთიდან 600 ათას ტონამდე ტვირთის ტრანსპორტირებაზე ხელშეკრულებას გააფორმებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს GR Transit-ის დირექტორმა დავით ჩირაძემ განუცხადა, რომელიც თბილისში მიმდინარე სატრანსპორტო კონფერენციაში მონაწილეობს. ჩირაძის განცხადებით, ლაპარაკია ქიმიურ პროდუქციაზე, რომლის გადაზიდვა მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყება.

„საზღვაო პორტები და რკინიგზა საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, ყაზახეთიდან ნავთობის გადაზიდვას შეუდგეს“, - მიაჩნია Argus Media-ს ვიცე-პრეზიდენტს კასპიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში თემურ ილიასოვს. „საქართველოს აქვს პორტები, აქვს რკინიგზა, რომელიც, სხვათაშორის, ძალიან კარგად მუშაობს. თქვენ დიდი მომავალი გაქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ ყაზახეთში, კაშაგანში ნავთობის მოპოვება იზრდება და ჩნდება ამ მოცულობების მოზიდვის, ტრანსპორტირების და თქვენს ტერიტორიებზე ტრანზიტის შანსი. საქართველოს შეუძლია, ნავთობის და ნავთობპროდუქტების დიდი სატრანზიტო ნაკადები მიიზიდოს“, - თქვა ილიასოვმა Sputnik Грузия-სთან ინტერვიუში.