აქტუალური
კანაფის მოყვანა-წარმოებისთვის ლიცენზიის გაცემისა და დარეგულირების პრობლემა არ შეიქმნება – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა

საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. გიორგი ქობულია თქმით, ახლა რთულია კონკრეტულ ციფრებზე ლაპარაკი, თუ რა შემოსავალი შეიძლება მოიტანოს მარიხუანას ექსპორტმა.

ახლა ვერ ვისაუბრებთ, რა ოდენობის შემოსავალი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას ამან, რადგან ჯერ გვაქვს რამდენიმე ფაქტი, რომელშიც უნდა დავრწმუნდეთ, მაგრამ ამას აქვს საკმაოდ ეკონომიკური შინაარსი. შევისწავლეთ მთელი რიგი ქვეყნების გამოცდილება, როგორიც არის კანადა, ისრაელი და .. მათაც მიიღეს ანალოგიური კანონები და არ ვართ პირველები, არ ვიგონებთ რაღაცას. ეს უკვე გამოცდილია და გადმოვიღეთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა“, – განაცხადა ქობულიამ.

მარიხუანას მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებით კანონპროექტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა, მთავრობის სხდომაზე განიხილეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტით მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში ექცევა. რაც შეეხება კანაფის მოყვანა-წარმოებას სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, კანონპროექტის თანახმად, სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოება ექსპორტისთვის მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება, ხოლო ​ლიცენზიის გაცემაზე და პირობების შესრულებაზე დამოუკიდებელი სააგენტოს მიერ მკაცრი კონტროლი განხორციელდება.