სამართალი
უჩა მამაცაშვილი - „იბერიას“ ჩანაწერზე: მივმართავ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება

 საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც ის პროკურატურას მიმართავს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ამომწურავი პასუხი გასცეს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს: "ლეგენდები ჩემი .. განსაკუთრებული გავლენების შესახებ არახალია და მას პერიოდულად თხზავენ ადამიანები, რომელთაც ამ ლეგენდის მეშვეობით უკანონო სარგებლის მიღება სურთ.

გამონაკლისი, არც ომეგა ჯგუფის ირგვლივ, ამ ბოლო დროს მიმდინარე აჟიოტაჟია. ჩემთვის უცნობია, კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ომეგა ჯგუფის ხელმძღვანელების მხრიდან გამიზნულ პროვოკაციასთან, ყოფილი მაღალჩინოსნის არაჯანსაღ ინტერესებთან თუ სიყალბესთან. თუმცა, ყველა შემთხვევაში, ვიღაც აშკარად ცდილობდა ჩემი სახელის საეჭვო და უკანონო გარიგებებში გამოყენებას და ამ კამპანიას აშკარად პოლიტიკური ელფერი აქვს".

აუდიოჩანაწერში, რომელიც 10 სექტემბერს „რუსთავი 2“-მა გაავრცელა, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, უჩა მამაცაშვილთან საუბრის დეტალებს უყვება. ჩანაწერში ისმის, რომ მამაცაშვილი „ომეგა ჯგუფის“ პრობლემების მოსაგვარებლად მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა და ამ თემაზე პრემიერთან შეხვედრასაც გეგმავდა.

ჩანაწერის მიხედვით, „ომეგა ჯგუფის“ მფლობელს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი მთავრობასთან პრობლემების მოგვარებაში ორ მილიონ დოლარს სთხოვდა.

ტელეკომპანია „იბერიამ“ 7 სექტემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ხელისუფლებამ დაფინანსების მთავარი წყარო გადაუკეტა.

"კომპანია ომეგა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედის ტელეკომპანია იბერია, პარალიზებულია. ჩვენ გაქვს ინფორმაცია, რომ ომეგა ჯგუფზე ხდება ზეწოლა, რათა ხელში ჩააგდონ იბერია. ჩვენ, ჟურნალისტები კატეგორიულად მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეწყდეს დარტყმა დამოუკიდებელ მედიასა და მიეცეს მუშაობის საშუალება ომეგა ჯგუფს", — ეწერა იბერიას განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ომეგა ჯგუფში შემავალ სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს ოჯთ-ს საგადასახადო დავალიანების სახით ერიცხება 51 717 000 ლარი. სამინისტროს განმარტებით, დავალიანების ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. აღნიშნული დავალიანება დეკლარირებულია გადამხდელის მიერ 2015-2018 წლებში.