აქტუალური
თბილისში მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

 საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, თბილისში მეოთხე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციამსოფლიო თავდაყირა 2018“ მიმდინარეობს.

ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები დავით ზალკალიანი და ლევან იზორია.

კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა და ძირითად სესიებს მოდერაციას უწევს უკრაინის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერი.

ღონისძიებას ესწრებიან და სხვადასხვა სესიაში მონაწილეობას იღებენ მაღალი რანგის სტუმრები როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ისე ევროპიდან, მათ შორის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვეს მიტჩელი, შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის მთავარი მრჩეველი ანდრეა ტომპსონი, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი, ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი, გენერალი ბენ ჰოჯესი, სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე ტაკან ილდემი, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი რიინა კიონკა, ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი, ლიეტუვის სეიმის წევრი ზიგიმანტას პავილიონისი.

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიებში ასევე მონაწილეობას იღებენ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩები იან კელი და ჯონ ტეფტი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან დაგეგმილ დისკუსიაში მონაწილეობს Financial Times-ის ჟურნალისტი ედვარდ უსი, ხოლო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან დისკუსიას წარმართავს მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერი.

საქართველოს დემოკრატიის მომავლის შესახებ დისკუსიას წარმართავენ აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი, „ფრიდომ ჰაუსის“ ყოფილი პრეზიდენტი და ადამიანის უფლებების მიმართულებით მაკეინის ინსტიტუტის დირექტორი დევიდ კრამერი, ასევე მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერი.

დისკუსიას თემაზე საქართველო და დასავლეთი უძღვება ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვეს მიტჩელი.

ღონისძიების ფარგლებში იმართება დისკუსიები და დებატები, რომლებშიც მონაწილეობას იღებენ საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები და საერთაშორისო ჟურნალისტები.

კონფერენციის ფარგლებში ასევე იმართება პანელი პუტინის რუსეთის შესახებ, რომელსაც რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი,სახალხო თავისუფლების პარტიისლიდერი მიხეილ კასიანოვი, მოძრაობაღია რუსეთის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ კარა-მურზა, ასევე Chatham House-ისა და ფლორიდის უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრებიან. პანელის მოდერატორია ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის წარმომადგენელი დონალდ ჯენსენი.

​ოლიგარქიისა და დემოკრატიის თემაზე დაგეგმილ პანელში კი, რომელსაც კურტ ვოლკერი უძღვება, მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის რადას დეპუტატი სერგეი ლეშენკო, მოძრაობაღია რუსეთის წარმომადგენელი მარია ლოგანი და რამდენიმე საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლები.

ღონისძიების მონაწილეებმა გაიხსენეს და პატივი მიაგეს სენატორ ჯონ მაკკეინის ხსოვნას.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, კონფერენციაზე საუბარი შეეხება დემოკრატიის წინაშე მდგარ საფრთხეებს, ტრანსკავკასიურ აღმოსავლეთ-დასავლეთ კორიდორს, ჰიბრიდულ ომსა და დეზინფორმაციას, რუსეთის ქმედებებს, აშშ-ის საგარეო პოლიტიკას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში და საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს.

თბილისის საერთაშორისო კონფერენციამ საქართველოს, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერთა აუცილებელი თავშეყრის ადგილის სახელი დაიმკვიდრა. ყოველი წლის სექტემბერში კონფერენცია თავს უყრის უსაფრთხოების რეგიონულ ექსპერტებს, ქართველ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს. კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოს ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგში პრიორიტეტული ადგილის შენარჩუნებას, დემოკრატიული პროგრესის და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობას“, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

უკრაინის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენლის, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის კურტ ვოლკერის თქმით, იმ ფონზე, როდესაც 10 წელი შესრულდა რუსეთ-საქართველოს ომიდან და რუსული სამხედრო ძალა კვლავ რჩება საქართველოს ტერიტორიებზე, მნიშვნელოვანია, რომ დასავლელი ლიდერები ქართველი პარტნიორებისა და საქართველოს სამომავლო გზის ერთგულნი დარჩნენ.

მაკკეინის ინსტიტუტისთვის, რომელიც სენატორ ჯონ მაკკეინისა და მაკკეინების ოჯახის მემკვიდრეობის გასაგრძელებლად შეიქმნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩაერთოს საქართველოში მიმდინარე პროცესებში როგორც იმ გამორჩეული ლიდერების შემკრები, რომლებიც დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვიან. ეს კონფერენცია კიდევ ერთხელ შეკრებს მთავარ მოაზროვნე-ლიდერებს და გადაწყვეტილების მიმღებებს, რათა განიხილონ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც გავლენას ახდენს რეგიონზე, – განაცხადა კურტ ვოლკერმა.

ყოველწლიური კონფერენცია გუშინ სასტუმრო „თბილისი რუმსში“ გაიხსნა და დღეს დასრულდება.