საზოგადოება
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დასრულების შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებები 18 ნოემბრიდან ამოქმედდება

 საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დასრულების შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებები 18 ნოემბერს ამოქმედდება, – როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი იუწყება, ამ საკითხზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს კონსტიტუციასთან საქართველოს საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაციის საპარლამენტო კომისიის სხდომის დაწყებისას ილაპარაკა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, აუცილებელია ყველა შესაბამისი კანონის ოქტომბრისთვის მიღება.

„როგორც მოგეხსენებათ, 28 ოქტომბერს არის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების პირველ ტურში დასრულების შემთხვევაში, 18 ნოემბერს ამოქმედდება უკვე საკონსტიტუციო ცვლილებები. იმისათვის, რომ 18 ნოემბრამდე უზრუნველყოფილი იყოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ყველა ვადის დაცვით, საჭიროა, არაუგვიანეს ოქტომბრისა მივიღოთ ყველა შესაბამისი კანონი, ანუ ოქტომბერს არ უნდა გადასცდეს შესაბამისი კანონების მიღება. ეს არის ჩვენი ვადა და ამ ვადის გათვალისწინებით უნდა დავგეგმოთ ჩვენი შემდგომი სამუშაო პროცესი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.