პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

 საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ გამართული შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს, ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობას.

ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ოფიციალური ვიზიტი სომხეთში ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.

მამუკა ბახტაძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გადაიდგმება არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის ტრანსფორმაციას და ეკონომიკის სწრაფ განვითარებას ისახავს მიზნად. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაცია ქართველი ერის ცივილიზაციური არჩევანია.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა.

მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალზე ისაუბრეს,განიხილეს ასევე ტურიზმისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები.

ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, მეგობრებს წარმატებული რეფორმების გამოცდილება გაუზიაროს. გაფართოებული ფორმატის შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი და “საქართველოს რკინიგზის”ხელმძღვანელი დავით ფერაძე დაესწრნენ.