აქტუალური
დარწმუნებული ვართ, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს! - ირაკლი კობახიძე

 საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, პრეზიდენტის უფლებამოსილებები განახორციელოს არა რომელიმე პოლიტიკური პარტიისა ან ჯგუფის, არამედ ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე დაყრდნობით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ზურაბიშვილს შეუძლია გახდეს საქართველოს ისტორიაში პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი.

ამასთან, კობახიძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით და თანადგომით სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვებს.

მოგეხსენებათ, დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც განვიხილეთ საპრეზიდენტო არჩევნებშიქართული ოცნებისმონაწილეობის საკითხი. უპირველეს ყოვლისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომქართული ოცნებაიცავს პირობას და საპრეზიდენტო არჩევნებში არ წარადგენს თავის კანდიდატს.

შეგახსენებთ ამ გადაწყვეტილების მიზეზებს: საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც პოლიტიკური ძალაუფლება თავს იყრის პარლამენტსა და მთავრობაში, ხოლო პრეზიდენტი აღჭურვილია არსებითად წარმომადგენლობითი უფლებამოსილებებით. ამ სისტემაში პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული და მიუკერძოებელი თანამდებობის პირი. ის არ უნდა წარმოადგენდეს არც მმართველი პარტიის და არც ოპოზიციის ინტერესებს, არამედ ის უნდა იყოს ხალხის ინტერესების ობიექტური დამცველი. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა დამკვიდრდეს პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნქციონირების ახალი, ევროპული საპარლამენტო რესპუბლიკებისთვის დამახასიათებელი ტრადიცია, რასაც ჩვენ მიერ პარტიული კანდიდატის წამოყენება უდაოდ ხელს შეუშლიდა.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდში არაერთი ღირსეული ლიდერი გვყავს, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებლად გამარჯვება შეეძლო, მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში მაქსიმალური პლურალიზმის უზრუნველსაყოფად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტის თანამდებობა დამოუკიდებელ კანდიდატს უნდა დავუთმოთ.

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ამოიწურა საპრეზიდენტო კანდიდატების დასახელების ვადა, რამაც მოგვცა საშუალება, არჩევანი გაგვეკეთებინა წარდგენილ კანდიდატებს შორის. პარტიის პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას. ის არის გამორჩეული ქართული ოჯახის წარმომადგენელი, ნიკო ნიკოლაძისა და ივანე ზურაბიშვილის შთამომავალი, მას აქვს გამორჩეული დიპლომატიური გამოცდილება. საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მოღვაწეობის პერიოდში მის სახელს უკავშირდება საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რამდენიმეწლიანი ოპოზიციური მოღვაწეობის პერიოდში სალომე ზურაბიშვილი თავგამოდებით იბრძოდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სამართლიანობის დასაცავად. ბოლოს ის იყო საქართველოს პარლამენტის ღირსეული წევრი და ყოველთვის გამოხატავდა თავის პრინციპულ დამოკიდებულებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

სალომე ზურაბიშვილს ზურგს უმაგრებს დიდი პოლიტიკური გამოცდილება, ასევე დიპლომატიური გამოცდილება. მას შეუძლია გახდეს საქართველოს ისტორიაში პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი. ვფიქრობთ, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, დაამკვიდროს ახალი ტრადიცია ჩვენს კონსტიტუციურ სისტემაში. მას შეუძლია, პრეზიდენტის უფლებამოსილებები განახორციელოს არა რომელიმე პოლიტიკური პარტიისა ან ჯგუფის, არამედ ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე დაყრდნობით. ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებ, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მხარი დაუჭიროს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას.

დარწმუნებული ვართ, რომქართული ოცნებისმხარდაჭერით და თანადგომით სალომე ზურაბიშვილი აუცილებლად გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

1TV.ge