საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილს ზურგს უმაგრებს დიდი პოლიტიკური გამოცდილება, ასევე დიპლომატიური გამოცდილება. მას შეუძლია გახდეს საქართველოს ისტორიაში პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი. ვფიქრობთ, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია დაამკვიდროს ახალი ტრადიცია ჩვენს კონსტიტუციურ სისტემაში. მას შეუძლია პრეზიდენტის უფლებამოსილებები განახორციელოს არა რომელიმე პოლიტიკური პარტიისა ან ჯგუფის, არამედ ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე დაყრდნობით. ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებ, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მხარი დაუჭიროს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას“, - განაცხადა კობახიძემ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველთა განაცხადების მიღება 8 სექტემბერს დასრულდა. ცესკო-ში სულ 46 განაცხადი შევიდა. მათგან 26 - საინიციატივო ჯგუფის, ხოლო 20 პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატია. „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატი არ ეყოლება.
კანდიდატად რეგისტრაციის მსურველებმა 10 დღის ვადაში საარჩევნო ადმინისტრაციაში მხარდამჭერთა ხელმოწერები უნდა წარადგინონ.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.