აქტუალური
ევროკავშირში მოჩვენებების არ სჯერათ

sv_torgovlyaევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება საქართველოსთვის კვლავ პრობლემად რჩება. ხელისუფლება ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების გართულებას რუსეთის ფაქტორს უკავშირებს. ევროკავშირში კი აცხადებენ, რომ ხელშეკრულების გაფორმებაზე მუშაობა მაშინ დაიწყება, როდესაც საქართველოს მთავრობა მის რეკომენდაციებს შეასრულებს. შეგახსენებთ, რომ რეკომენდაცია ეხება სურსათის უვნებლობისა და სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების მიღებას, კონკურენციის პოლიტიკას, შრომის კოდექსის სრულყოფასა და სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფას. მთავრობაში აცხადებენ, რომ რეკომენდაციები შესრულებულია: კერძოდ, სურსათის ხარისხის შემოწმება 2015 წლის ნაცვლად 2011 წლიდან დაიწყო. თუმცა ამ მუხლის ამოქმედება ისეთივე არაფრისმომცემია, როგორც გასული წლის ბოლოს ანტიმონოპოლიური სამსახურის (თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის საგენტოს) შექმნა. სურსათის უვნებლობის სამსახური ამოწმებს მწარმოებლებს, მაგრამ დასჯის მექანიზმი არ გააჩნია და მხოლოდ რეკომენდაციით შემოიფარგლება. რაც შეეხება ანტიმონოპოლიურ სამსახურს, ეს უწყება დღემდე უფუნქციოდაა, რადგან შესაბამისი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა ჯერ არ დამტკიცებულა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება ევროკავშირის რეკომენდაციებს მოჩვენებითად ასრულებს. მოჩვენებების კი ევროკავშირში არ სჯერათ.