აქტუალური
რა ხდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროში?! - საქინფორმი

 საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ძირეული ცვლილებების და მინისტრიდან დაწყებული, მისი ხელმძღვანელობის შეცვლის აუცილებლობაზე დიდი ხანია, ყველა ლაპარაკობს: სამხედრო პროფესიონალებიც - გადამდგარი გენერლები, საქინფორმიც, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებიც. მაგრამ ერთია სახელმწიფოს არმია „ჯაველინებით“, მაგრამ დოქტრინის გარეშე, ნატოს ცენტრით, რომელშიც ელიტურ ქვედანაყოფებს ავღანეთში აშშ-ის ბაზების დაცვას ასწავლიან, ხოლო ტერიტორიულ მთლიანობადაკარგულ სამშობლოში გამყოფ ხაზთან მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა არ ძალუძთ. და სულ სხვაა - სამართალდარღვევები და დანაშაულები, რომელთა 3 ფაქტი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს მოაქვს.

  1. თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა დავით ღვინიაშვილმა ამა წლის თებერვალში, იქ მომუშავე ქალის მიმართ ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი გაძარცვა. შემდეგ კი სამსახურში დაბრუნდა და კიდევ 4 თვე - ივნისამდე მშვიდად იმუშავა. თავდაცვის სამინისტრომ ეს ფაქტი დამალა, შსს-ს თანამშრომლებმა დამნაშავე მხოლოდ ახლა დააკავეს.
  2. სამხედრო ინსტრუქტორი, რომელიც 08.08.08. ომში მონაწილეობისთვის ორდენებით არის დაჯილდოებული, ახალგაზრდა ქალის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებით გლდანის ციხეში ზის. 15 წლის სტაჟის მქონე სამხედრო მოსამსახურე დამატებითი შემოსავლისთვის ღამღამობით ტაქსისტად მუშაობდა, რა დროსაც მგზავრის გაუპატიურება სცადა.
  3. ორფოლოს პოლიგონზე სწავლების დროს გარდაცვლილი 31 წლის კაპრალ მირზა ჩაჩუას ოჯახი თავდაცვის მინისტრს ექსპერტიზის შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს, რათა 08.08.08. ომის მონაწილის ოჯახისთვის კომპენსაცია არ გადაეხადათ. ექსპერტიზა ამტკიცებს, რომ გულის შეტევა, რომელმაც სიკვდილი გამოიწვია, ალკოჰოლოს ჭარბი რაოდენობის მიღების შედეგად გავითარდა, მაგრამ ოჯახი ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა გასულ კვირას მოხდა:

ვაზიანში, სასროლეთის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მე-12 ბატალიონის მესამე მსუბუქი ქვეითი ასეულის პირველი კლასის რიგითი ვაჟა შათირიშვილი დაიღუპა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მე-3 ასეული იმყოფებოდა ვაზიანში არსებულ სასროლეთზე, სწავლების მიზნით, რომლის დასრულების შემდეგ, როდესაც სამხედრო მოსამსახურეები ტოვებდნენ სასროლეთის ტერიტორიას, ავტომანქანა გადაბრუნდა მიწაყრილიან გზაზე, რის შედეგადაც ჯანმრთელობის სხვადასხვა დაზიანება მიიღო მძღოლმა, რიგითმა გიორგი ძაგანაშვილმა, მანქანის მეთაურმა, რიგითმა ვაჟა შათირიშვილმა და მეტყვიამფრქვევე გიორგი ვარძელაშვილმა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სამივე სამხედრო მოსამსახურე დაუყოვნებლივ გადაყვანილი იქნა ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, სადაც ვაჟა შათირიშვილი მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ მე-400 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს საბრძოლო სატრანსპორტო მანქანის მართვის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 3-7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მე-12 ბატალიონის მესამე მსუბუქი ქვეითი ასეულის პირველი კლასის რიგითის გარდაცვალების გამო.