საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების საკითხი რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის თანამშრომლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, - ამის შესახებ ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის „ელჩმა“ მარატ კულახმეტოვმა განაცხადა.
კულახმეტოვის თქმით, „ბოლო ათი წლის განმავლობაში ხელი მოეწერა რიგ შეთანხმებებს, რომელთა თანახმად, რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზა და ФСБ-ს სასაზღვრო სამმართველოა განლაგებული“.
„რუსმა მესაზღვრეებმა და სამხედროებმა თავიანთ თავზე აიღეს სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, - აღნიშნა მან.
რუსეთის ე.წ. ელჩმა ასევე განაცხადა, რომ „რუსეთი და სამხრეთ ოსეთი თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიან სივრცეს ქმნიან, რაც საშუალებას იძლევა, რესპუბლიკის უსაფრთხოება საიმედოდ იყოს დაცული“.