უცხოეთი
ანდრეს მამიკინსი ​- პოლიტიკური დიალოგი მნიშვნელოვანია, თუნდაც დიქტატორთან და დიქტატორულ რეჟიმთან, დიალოგი გაცილებით კარგია, ვიდრე ომი

 საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. ანდრეს მამიკინსი პირველ არხთან სირიაში მის ვიზიტებზე და საქართველოში პოლიტიკოსების კრიტიკას კიდევ ერთხელ პასუხობს.

მამიკინსი ამბობს, რომ სირიაში 2016 წელს და 2017 წლის მარტში არაფორმალური ვიზიტით იმყოფებოდა.

ჩემი მანდატია პოლიტიკური დიალოგის წარმოება ყველასთან. ჩვენ ვესაუბრეთ ასადს სამშვიდობო პროცესზე. ეს არ ყოფილა ევროპარლამენტის ოფიციალური ვიზიტი. მეორე დღეს აქ, ბრიუსელში გაიმართა დიდი კონფერენცია, რომელსაც მოგერინი უძღვებოდა. ეს კონფერენცია მიეძღვნა სამშვიდობო პროცესის მნიშვნელობას სირიაში. მთავარი თემა იყო, თუ როგორ უნდა დავეხმაროთ სირიას”, – განაცხადა მამიკინსმა.

მისივე თქმით, პოლიტიკური დიალოგი მნიშვნელოვანია თუნდაც დიქტატორთან და დიქტატორულ რეჟიმთან.

მე ვაკეთებ ყველაფერს ამ პროცესში და პოზიტიური წვლილის შესატანად. თუ თქვენ მკითხავთ, წავალ თუ არა ისევ სირიაში, მაშინ გეტყვით, რომ წავალ სირიაშიაც და მოსკოვშიც. მჯერა, რომ პოლიტიკური დიალოგი მნიშვნელოვანია, თუნდაც დიქტატორთან და დიქტატორულ რეჟიმთან. დიალოგი გაცილებით კარგია, ვიდრე ომი”, – განაცხადა მამიკინსმა.

ამასთან, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა მამიკინსის შესახებ მწვავე განცხადებები გააკეთეს. „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა მამიკინსი რუსეთის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. კერძოდ, სერგი კაპანაძემ აღნიშნა – “ანდრეს მამიკინსი, პირდაპირ არის შემჩნეული ლატვიის უსაფრთხოების სამსახურების მიერ ისეთ ქმედებაში, როგორიც არის მაგალითად ბატონ ასადთან შეხვედრა. ასადი ვინ არის, რა გააკეთა ბოლოს საქართველოსთვის, ესეც კარგად უნდა გესმოდეთ”.

ევროპარლამენტარმა, ანდრეს მამიკინსმა ოპოზიციის ბრალდებებთან დაკავშირებით ბრიუსელში კომენტარი პირველ არხთან გააკეთა. „ქართველები ჩემი მეგობრები არიან. მე თქვენ გგულშემატკივრობთ და თქვენს ევროპულ მომავალს ვგულშემატკივრობ“, – განაცხადა მამიკინსმა.

1tv.ge