მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დემოკრატიის სიჭარბეა, ხოლო უკრაინაში - მისი დეფიციტი; რომ საქართველოს მოსახლეობა 2 მილიონამდეა, ხოლო უკრაინისა - 40 მილიონამდე, ორივე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში ერთნაირი ეკონომიკური კრიზისია. თუკი საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებები კონტროლს არ დაამყარებენ ვითარებაზე და კარდინალურად არ შეცვლიან მას, საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები არააქტუალური გახდება და მშიერი ხალხი ახალ ლიდერებს მოიყვანს ხელისუფლებაში - ნებისმიერს, ვინც ცხელი პურით გამოკვებას დაჰპირდება, თუნდაც კარაქის გარეშე, ოღონდ დღესვე! მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტობის ყველაზე მეტი შანსი აქვს „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს დავით ბაქრაძეს - სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და ერთადერთს, ვინც სახალხოდ ბოდიში მოიხადა რეჟიმის მიერ ჩადენილ ბოროტმოქმედებათა გამო. მას ხმას მისცემს საქართველოში ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანიც კი - ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ის ამჟამინდელი მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და დამფუძნებელია.
არა მგონია, მოხერხდეს ქართული ეროვნული ვალუტის - ლარის მკვეთრი ვარდნის შეჩერება დოლართან მიმართებაში, რაც საქართველოს მთავარი იმპორტიორი და ექსპორტიორი ქვეყნების ეროვნული ვალუტების - თურქული ლირის და რუსული რუბლის გაუფასურების სინქრონულად დაიწყო. თუკი ასეთი რამ მოხდა ტურისტული სეზონის დამლევს - რომლის განმავლობაში საქართველოს 6 მილიონი ტურისტი ეწვია, რომლებმაც აქ 3 მილიარდი დოლარი დატოვეს; მოსავლის აღების ბარაქიან პერიოდში, როცა საქართველოში ზაფხულის სიცხეა და ენერგომატარებლები მინიმალურად მოიხმარება - მაშინ ზამთარში დევალვაცია და ინფლაცია გაორმაგებული ტემპებით გაგრძელდება. გამორიცხული არ არის, რომ საახალწლოდ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 3 ლარს გადააჭარბებს. შესაბამისადვე ეღირება ლიტრი ბენზინი, რომელიც უკვე დღეს გაძვირდა და თითქმის გაუთანაბრდა 1 დოლარს ლარის ეკვივალენტში.
კიდევ - საქართველოში პური გაძვირდა, რომელიც, როგორც ცნობილია, ყველაფრის თავი და თავია. თუნდაც სულ 10 თეთრით - დაახლოებით 4 ცენტით, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მომენტი, ვინაიდან პურის გაძვირება და დეფიციტი საქართველოში ადამიანების მეხსიერებაში სხვადასხვა კატაკლიზმთან ასოცირდება, მაგალითად, „თბილისის ომთან“ რუსთაველის პროსპექტზე და პრეზიდენტ გამსახურდიას ჩამოგდებასთან; აფხაზეთში ომთან და პრეზიდენტ შევარდნაძის მმართველობასთან - სიბნელეში, პურის ტალონებით და კუპონებით ფულის ნაცვლად. რაც დამთავრდა „ფერადი რევოლუციით“ და სააკაშვილით, რომელმაც სამხრეთ ოსეთთან ომი წამოიწყო და აფხაზეთის კვალდაკვალ ისიც დაკარგა.
პოსტსაბჭოთა საქართველომ არაერთხელ გადაიტანა კრიზისი, მაგრამ ადრე ეს ან მისი მაზოხისტური ხელისუფლების მცდარი საგარეო პოლიტიკის შედეგი იყო, რომელიც ანტირუსულ სიგიჟეში საქართველოს თვითბლოკადას უცხადებდა, ან ასტრონომიული კორუფციის შედეგი, როცა ჩრდილოვანი ბიუჯეტი სახელმწიფო ბიუჯეტს ათჯერ აღემატებოდა. მაგრამ პრემიერმა ივანიშვილმა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა აღადგინა, ამიტომაც დღევანდელი ეკონომიკური კრიზისი გამოწვეულია არა საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკის შეცდომებით, უპირველეს ყოვლისა - მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ დაშვებული შეცდომებით.
პირველ რიგში უნდა შეიცვალოს ფინანსთა და ეკონომიკური განვითარების მინისტრები, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და უმსხვილესი დარგების მენეჯერები, მაგალითად - ენერგეტიკულის, რომლებიც ვალდებული არიან, პროფიციტული ბიუჯეტის შემოსავლის მთავარი წყარო იყვნენ, დოტაციურ-დეფიციტურად კი გადაიქცნენ (მაგალითად, 2017 წელი საქართველოს რკინიგზამ 355 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა - უნიკალური სატრანზიტო შესაძლებლობების მქონე ქვეყნისათვის ეს ნონსენსია!).
აუცილებელია, დროებით უარი ითქვას პირადი ავტოპარკის სავალდებულო ტექდათვალიერებაზე, ის მხოლოდ სახელმწიფო ავტოტრანსპორტის, გადატანილი საჭის მქონე და აირზე მომუშავე ავტომანქანებისთვის უნდა დარჩეს. თბილისში ჰაერი ბევრად უფრო სუფთაა, ვიდრე ევროპის და აშშ-ის დედაქალაქებში, ამიტომ სასწრაფოდ უნდა შეწყდეს მოსახლეობაში პანიკის თესვა ქართული ტელევიზიის ცრუ პროპაგანდისტული კამპანიის მეშვეობით, თითქოს ჩვენი ბავშვები კიბოთი იღუპებიან, იმიტომ რომ გაუმართავი ავტომობილების გამონაბოლქვით იგუდებიან!
ამასთან ერთად, აუცილებელია, სასწრაფოდ გაუქმდეს წინა პრემიერ-მინისტრის - მავნებელი კვირიკაშვილის მიერ შემოღებული დრაკონული აქციზები ავტომობილების განბაჟებაზე და თამბაქოს ნაწარმზე. საქართველოს საავტომობილო ბაზარი, რომელიც ამიერკავკასიის საავტომობილო ჰაბი იყო, სადაც ავტომობილების შესაძენად ბალტიისპირეთიდან, ყაზახეთიდან და შუა აზიის სხვა რესპუბლიკებიდან ჩამოდიოდნენ, სადაც იყიდებოდა ავტომობილები იაპონიიდან, გერმანიიდან და აშშ-დან, დღეს მკვდარია და ამით ათასობით მოქალაქემ შემოსავლის ერთადერთი წყარო დაკარგა. ხოლო კომიკური ვითარება საქართველოს მაღაზიებში, სადაც თამბაქოს ნაწარმის გამოფენა აკრძალულია და მყიდველი სიტყვიერად უთანხმდება გამყიდველს, სანამ დახლის ქვეშიდან, ნარკოტიკივით მიაწოდებდნენ სიგარეტს, ყოველგვარ ზღვარს გადადის!
ბოლო ხანებში საქართველოში ჯერ „გმირულად“ იღებენ გაუაზრებელ კანონებს, შემდეგ კი მორცხვად აუქმებენ მათ - ასე მოხდა ყველა წამალზე რეცეპტების სისტემასთან დაკავშირებით, ასე მოხდება საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის აკრძალვის კანონთან დაკავშირებითაც, რომელსაც მაინც არ იცავენ და სახელმწიფო იძულებულია, ის ნელ-ნელა გააუქმოს (უკვე დაუშვეს გამონაკლისი კაზინოებისთვის, დაწესებულებების შენობებში კი ადამიანები ისევე ეწევიან, როგორც ადრე). რაზეა ლაპარაკი - საქართველოს ახალ კონსტიტუციაშიც კი პარლამენტის მიერ მისი დამტკიცებიდან ორი კვირის შემდეგ შესწორებები იქნა შეტანილი!
აუცილებელია, ორჯერ ან სამჯერაც კი შემცირდეს საგზაო დარღვევების გამო ვიდეოკამერების მიერ გამოწერილი ჯარიმების თანხა, რომელიც ხშირად აღემატება პენსიის და მინიმალური ხელფასის ოდენობას, უნდა შემცირდეს აგრეთვე პარკირების გადასახადი და ჯარიმა. დაუშვებელია მძღოლების დაჯარიმება, როცა საგზაო ინფრასტრუქტურა სათანადოდ მოწესრიგებული არ არის.
სახელმწიფო მოვალეა, სასწრაფოდ შექმნას ნებისმიერი სამუშაო ადგილები. ამისთვის საჭიროა, ყოველგვარი ზედმეტობებისთვის (სამშენებლო ობიექტები, კურორტები, სასტუმროები და კონცერტები) განკუთვნილი თანხები საწარმოების მშენებლობისა და სოფლის დახმარებისთვის იქნეს მიმართული. საქართველო აგრარული ქვეყანაა, სადაც ტრადიციულად ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი იწარმოებოდა, ამიტომ ადრე ეროვნული ვალუტის კურსის მერყეობას დოლარის მიმართ მნიშვნელობა არ ჰქონდა და მას ინფლაცია არ მოჰყვებოდა. დღეს სოფლის მცხოვრებლები დედაქალაქში ჩინური ფართო მოხმარების საქონლით და თურქული საკვები პროდუქტებით ვაჭრობენ ან ტაქსაობენ, სოფელი და სავარგულები კი დაკნინდა. ადგილობრივი მწარმოებლების სტიმულირების მიზნით სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს ყველა შეღავათი თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან იმპორტზე, ხოლო სოფლელების სოფელში დასაბრუნებლად ჩაწერის ინსტიტუტი უნდა აღდგეს. უპატრონო მიწების კონფისკაცია უნდა მოხდეს, თუკი მათმა მფლობელმა გადაწყვიტა, ქალაქელი გახდეს! სხვა შემთხვევაში მან ჩაწერის ადგილას უნდა იცხოვროს და იმუშაოს. სახელმწიფოში არსებული მთელი რესურსები პირველ რიგში უნდა მიიმართოს ქართული სოფლის ასაღორძინებლად - იმ პროგრამის განსახორციელებლად, რომელიც 90-იან წლებში წამოიწყო მაშინ ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილმა ბიზნესმენმა ივანიშვილმა. მან თავისი პირველი სერიოზული შემოსავლით ათასობით ტრაქტორი და სასუქები შეიძინა ქართველი გლეხობისათვის. ასევე უნდა აღდგეს საბჭოთა ხელისუფლების შემდეგ მოშლილი ინფრასტრუქტურა და წესრიგში უნდა იქნეს მოყვანილი გზები, ხიდები, ნაპირსამაგრები, უნდა გაიწმინდოს მდინარეთა კალაპოტები და სადრენაჟო ნაგებობები, რათა თავსხმა წვიმების და მდინარეების ნაპირებიდან გადმოსვლის დროს სოფლები არ დაიტბოროს და წყალმა არ წაიღოს.
ამავე დროს, შემოღებული უნდა იქნეს უმკაცრესი პასუხისმგებლობა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ჩათვლით, საქართველოს უნიკალური ბუნებრივი სიმდიდრეების - ტყეების და წყლის რესურსების განადგურებისთვის. წლების განმავლობაში დაუზოგავი გაჩეხვის და ხანძრების შედეგად განადგურებული ტყის მასივების აღდგენის საქმე მთავრობის ოფიციალური ბრძანებით ბიზნესსექტორს უნდა დაევალოს. ბოლო წლებში გახშირებული მეწყერები ადამიანის მავნებლური საქმიანობის შედეგია - მთის ქანები, რომლებსაც ხეების ფესვები აღარ აკავებს, ნადგურდება, ჩამოიშლება და ღვარცოფებს წარმოქმნის. მეღვინეობით დაკავებულ ბიზნესმენებს კი უნდა დაევალოთ, დახმარება გაუწიონ შედარებით მცირე მასშტაბის მევენახეებს, რომელთა ვენახებს ხშირად სეტყვა ანადგურებს. მაგალითად, შეიძინონ მათთვის საგანგებო ლითონის ბადეები, რომლებითაც ზოგიერთ ქვეყანაში ვენახებს იცავენ.
აი, მხოლოდ ზოგიერთი ის ღონისძიება, რომელთა გატარება ჯერ კიდევ გუშინ იყო აუცილებელი. და ბოლოს - ხალხს აღარ შეუძლია ქამრების კიდევ უფრო მეტად შემოჭერა, ამიტომ, იმისთვის, რომ ხალხმა ეს ქამრები არ მოიხსნას და ხელისუფლებს არ მოსცხოს, ჩინოვნიკების ხელფასები, ხელფასის დანამატები და პრემიები სამინისტროებში, პარლამენტში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სასამართლოებში, სხვადასხვა სახელმწიფო ფონდებში, სამეთვალყურეო საბჭოებში და კორპორაციებში ჩვეულებრივი ხელფასების დონემდე უნდა შემცირდეს, და არა - აშშ-ის პრეზიდენტის ხელფასს აღემატებოდეს!
საქინფორმი
2018 წლის 10 სექტემბერი
საქართველო, თბილისი