საზოგადოება
ახალი რეკორდების წელი იქნება, 8,5 მლნ ვიზიტორს ველოდებით - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

 საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის შეფასებით, საერთაშორისო ტურიზმის განვითარებით მთელი ქვეყანა ძლიერდება. ამის შესახებ ჩოგოვაძემ ბახმაროში განაცხადა, სადაც ხელისუფლების წევრებთან ერთად დოღი-2018-ს ესწრებოდა.

"2018 წელი ახალი რეკორდების წელი იქნება ტურისტული თვალსაზრისით; მათ შორის, დიდი მატებაა საქართველოს შიდა ტურიზმის მიმართულებით; თქვენ ხედავთ, რამდენი ადამიანი ესწრება ამ ღონისძიებას; ბახმაროს გააჩნია უნიკალური კლიმატი და ჰაერი, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ტურიზმის თვალსაზრისით“, - განაცხადა ჩოგოვაძემ და დასძინა, რომ საქართველოს წელს პირველად 8 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვევა.

„8,5 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს ველოდებით წლის ბოლომდე. წელს იქნება პირველი წელი, როდესაც საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები 3 მილიარდ აშშ დოლარს გადასცდება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დაახლოებით 200 000 ადამიანია სექტორში დასაქმებული და ეს ადამიანები და მთელი ქვეყანა ძლიერდება საერთაშორისო ტურიზმის განვითარებით; ზრდა გვაქვს როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე ევროკავშირის და, ასევე, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან“, - აღნიშნა ჩოგოვაძემ.

2018 წლის ზაფხულის სეზონზე (ივნისი-აგვისტო) საქართველოში 3,061,338 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.9%-ია. საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 2,492,924 შეადგინა, ზრდა +11.5%. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,702,015 შეადგინა, რაც 232,294-ით მეტია 2017 წლის ივნისი-აგვისტოს მაჩვენებელზე (ზრდა +15.8%)

2018 წლის იანვარ-აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 19,3%-ით გაიზარდა.

 ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი შემდეგი ქვეყნებიდან შედგა: 
აზერბაიჯანი (+11%);
რუსეთი (+22%);
სომხეთი (+0,3%);
თურქეთი (+21,1%).

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: 
ესტონეთი +98%;
ნიდერლანდები +55%;
რუმინეთი +55%;
ბელგია +53%;
გერმანია +50%;
ჩეხეთი +47%;
ესპანეთი +47%;
გაერთიანებული სამეფო +46%.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: 
კორეის რესპუბლიკა +139%;
• ჩინეთი +92%;
• ბელარუსი +44%;
• ქუვეითი +44%;
• ისრაელი +35%.