პოლიტიკა
ბიომეტრიული პირადობის მოწმობების არჩევნებში გამოყენების თაობაზე პოზიცია უცვლელია

american_embassyდეპუტატმა მმართველი პარტიიდან, პავლე კუბლაშვილმა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ გამოხატა წინააღმდეგობა არჩევნების დღეს ბიომეტრიული პირადობის მოწმობების გამოყენების თაობაზე.

„ბიომეტრიული პირადობის მოწმობების გამოყენება საარჩევნო პროცესში საფრთხის შემცველია,“ – განაცხადა პავლე კუბლაშვილმა და დასძინა, რომ ოპონენტებს ამომრჩეველთა სიებთან მუშაობის ახალი მეთოდი შესთავაზეს.

დეპუტატმა ,,ქრისტიან–დემოკრატიული’’ მოძრაობიდან, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მომავალ არჩევნებამდე საკმარისი დრო არ რჩება საიმისოდ, რომ ყველა ამომრჩეველს ახალი პირადობის მოწმობები დაურიგონ და თან ეს ძალიან ძვირი დაჯდება.

"მმართველი გუნდი ბიომეტრიული პირადობის მოწმობების დამზადებაზე ასახელებს ძალიან მაღალ თანხას,“ – განუცხადა მან ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ, "ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრობლემა არის არა დრო და ფინანსები, არამედ პოლიტიკური ნება. თუ იქნება პოლიტიკური ნება, იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი მოესწრება“.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები შეხვედრაზე "ცარიელი ხელებით“ მივიდნენ.

"წერილობით მათ ვერანაირი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს. ზოგადად ამბობენ, რომ ეს პროცესი ჯდება ძვირი და ამიტომ თვლიან, რომ მისი გაკეთება სიძვირის გამო შეუძლებელია,“ – განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ ხელისუფლების თქმით, ამას 200 მილიონი ლარი დასჭირდება, თუმცა ზუსტი კალკულაციის წარმოდგენა მათ ვერ შეძლეს.

უსუფაშვილმა ასევე განაცხადა, რომ თებერვლის ბოლოსთვის მმართველმა პარტიამ წერილობით უნდა წარმოადგინოს საკუთარი პოზიცია ყველა აქტუალურ საკითხზე.

ამომრჩეველთა სიების ფორმირება ბიომეტრიული პარამეტრების (ხელების ათივე თითის ანაბეჭდის ელექტრონული სურათისა და ბიომეტრიული ფოტოსურათის) შემცველი პირადობის მოწმობების საფუძველზე იმ ერთიანი ხედვის ნაწილია, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების ფარგლებში რვა ოპოზიციურმა პარტიამ შეიმუშავა.