საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებსა და ვაშინგტონის მიზნებზე სერგეი ლავროვმა რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "დიდ პოლიტიკაში" ილაპარაკა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სპეციალური სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. მან ჰილარი კლინტონთან ერთად დაწყებული გადატვირთვის პოლიტიკა გაიხსენა და ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა.
სერგეი ლავროვის განცხადებით, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებამ მიხეილ სააკაშვილსა და პეტრო პოროშენკოს სამხედრო ძალის გამოყენებისკენ უბიძგა და ამერიკა ორივე ქვეყანას შეიარაღებით და ინსტრუქტორებით ეხმარება, რაც სამხედრო კონფრონტაციის რისკს ზრდის.
„შეერთებული შტატების ინიციატივით, ჩვენს საზღვრებთან ნატო მოახლოვდა არა მხოლოდ ალიანსში ჩვენი სამეზობლოდან ახალი წევრების მიღების, არამედ სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარების სახითაც. წინა პლანზე აყენებენ ნატოში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მიღებას, პირველ რიგში, საქართველო და უკრაინა მაქვს მხედველობაში. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე კი ხმამაღლა განაცხადეს, რომ უკრაინაც და საქართველოც შევლენ ნატოში. რამდენიმე თვეში მიხეილ სააკაშვილმა წარმოიდგინა, რომ ყველაფრის უფლება აქვს და თავის მოქალაქეებსა და მშვიდობისმყოფელებს დაესხა თავს სამხრეთ ოსეთში. იგივე მოხდა უკრაინაში. ნატოელების გამუდმებულმა მტკიცებამ, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი, თავბრუ დაახვია კიევში ომის პარტიას და პრეზიდენტ პოროშენკოსაც. ახლა ეს ხალხი დონბასში დაშორიშორების ხაზზე შეიარაღებას ზრდის. უკვე საკმარისად არიან იქ ინსტრუქტორებიც ამერიკიდან, კანადიდან და სხვა ქვეყნებიდანაც. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ოსეთშიც ამერიკელი ინსტრუქტორები მუშაობდნენ დაშორიშორების ხაზის მეორე მხარეს, ქართულ ტერიტორიაზე. ასეთი ქმედებები ზრდის სამხედრო კონფრონტაციის რისკს, რაც რუსეთის ფედერაციისთვის მიუღებელია. ამის შესახებ ამერიკელი პარტნიორები ბევრჯერ გავაფრთხილეთ“, - განაცხადა ლავროვმა.