სამართალი
სუსი C ჰეპატიტის სამკურნალო ვადაგასული მედიკამენტებით დაინტერესდა

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. C ჰეპატიტის პროგრამის მიმდინარეობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოძიება მედიკამენტების განაწილების პროცესში არსებულ შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით მიმდინარეობს. უწყება სწავლობს, რამდენად სწორად მოხდა ვადაგასული და გამოუყენებელი მედიკამენტების ჩამოწერა.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ამ შემთხვევაში გამოძიება პრევენციული ხასიათისაა.

გამომდინარე იქიდან, რომ ამ წამალს დონაციის პრინციპით ვიღებთ, ასეთი მასშტაბის პროექტები ყოველთვის კონტროლდება საგამოძიებო თუ მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან. მაკონტროლებელ და, მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედების ერთნაირი პროტოკოლი აქვ", — განაცხადა დავით სერგეენკომ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო 2000 ადამიანისთვის განკუთვნილი C ჰეპატიტის სამკურნალო იმ მედიკამენტებით დაინტერესდა, რომლებსაც ვადა გაუვიდა.

გამყრელიძის განმარტებით, პროგრამის ფარგლებში ყოველთვიურად დაახლოებით 3 500 ადამიანის მკურნალობა იყო დაგეგმილი, თუმცა მიმდინარე წლის აპრილის თვეში სერვისით 1 000-მა პირმა ისარგებლა, რის გამოც მედიკამენტების გარკვეული რაოდენობა ვერ გაიხარჯა და მათ ვარგისობის ვადა გაუვიდა.

მისივე თქმით, მედიკამენტების ვარგისობის ვადის გასვლას ბიუჯეტისთვის ზიანი არ მიუყენებია, რადგან საქართველოს ის დონაციით გადაეცემა.

საქართველოს მთავრობა С ჰეპატიტის უფასო მკურნალობის პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს. ამისთვის ამერიკულ კომპანია Gilead Sciences-თან ათწლიანი შეთანხმებაა გაფორმებული, რომლის თანახმად, კომპანია ქვეყანას С ჰეპატიტის მკურნალობისთვის აუცილებელი მედიკამენტებით ამარაგებს. პროგრამის ბენეფიციარებს უზრუნველყოფენ პრეპარატ სოვალდით“.