პოლიტიკა
ალექსეი მალაშენკო: ეს იაფფასიანი საბჭოთა პროვინციალიზმია! მგონია, რომ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება დარჩა!

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისში 5 და 6 სექტემბერს იმართება საერთაშორისო სამხრეთკავკასიური მედიაფორუმი „მედიის როლი რეგიონში ნდობის გამტკიცებაში“, რომელიც მოწოდებულია, ერთ მოედანზე მოუყაროს თავი მედიაინდუსტრიის სფეროს წამყვან ექსპერტებს, ჟურნალისტებს, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ბლოგერებს საქართველოდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.

როგორც საქინფორმი იუწყებოდა, რუსული დელეგაციის რამდენიმე წევრი - მედიაფორუმის სპიკერები - საქართველოში არ შემოუშვეს, რის გამოც 4 სექტემბერს დაგეგმილი ინტერაქტიური პანელი „პირველი დემოკრატიული რესპუბლიკების 100 წლისთავი: პოლიტიკური გამოცდილება და გაკვეთილები“ (წამყვანი - გენადი ბორდიუგოვი) - არ შედგა. „ეს იაფფასიანი საბჭოთა პროვინციალიზმია! გახსოვთ სამოციან წლებში კომუნალური საცხოვრებლები? მართლა მგონია, რომ თქვენთან საბჭოთა ხელისუფლება დარჩა! ხალხი არ შემოუშვეს. ეს არის საბჭოთა „სოვოკის“ პრინციპი და სხვა არაფერი. სოხუმში ბაბუაჩემია დასაფლავებული. რამდენჯერაც წასვლა მომინდება, უნდა ვიკითხო? იქ, ალბათ, 20-30-ჯერ ვარ ნამყოფი!

ჩემთვის ნამდვილად შოკის მომგვრელია, რომ ხალხი არ შემოუშვეს. ეს მათი უფლებების დარღვევაა. სამი ადამიანი საზღვარზე არ გაატარეს. მიზეზი მეც არ ვიცი. მე არ წარმოვადგენ საქართველოს ხელისუფლებას, ამ კითხვაზე პასუხი მქონდეს!“, - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს მედიაფორუმზე ჩამოსულმა პოლიტიკურ ცენტრ „Север-Юг“-ის წარმომადგენელმა, МГИМО-ს პროფესორმა, პოლიტოლოგმა, ისლამის საკითხების ერთ-ერთმა წამყვანმა სპეციალისტმა ალექსეი მალაშენკომ. 

მედიაფორუმზე საქინფორმის აკრედიტებული ჟურნალისტი მუშაობს, რომელიც ორი დღის განმავლობაში დაწვრილებით ინფორმაციას მოგვაწვდის მისი მუშაობის და ღონისძიების ირგვლივ მიმდინარე მოვლენების შესახებ.