აქტუალური
არ გვეგონა, ეს რომ მოხდებოდა, სირცხვილია, ისინი პროფესიონალები არიან! - ეკა ნასყიდაშვილი

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. „აქ არიან თქვენი კოლეგები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, რომლებიც გაოცებულები უყურებენ, დღეს საქართველოში რაც ხდება, რაც ძალიან დიდი სირცხვილია! მეოთხე წელიწადია იმართება საქართველოში ეს ღონისძიება და მსგავსი რამ არასოდეს ყოფილა. ნამდვილად არ გვეგონა, თუკი ეს ამბავი მოხდებოდა. წელს რა მოხდა და რატომ მოჰყვა ამას... ძალიან კარგი სპეციალისტები არიან. დეზინფორმაციაზე არ არის აქ, პროფესიონალიზმზეა საუბარი. აქ არ არის საუბარი პროპაგანდაზე, აქ არის აზრთა გაცვლა-გამოცვლა“, - ასე ეხმაურება  გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ ჟურნალისტი ეკა ნასყიდაშვილი თბილისში მედიაფორუმის დაწყებამდე გამართულ საპროტესტო აქციას.

თბილისში 5 და 6 სექტემბერს იმართება ორდღიანი საერთაშორისო სამხრეთკავკასიური მედიაფორუმი „მედიის როლი რეგიონში ნდობის გამტკიცებაში“, რომელიც მოწოდებულია, ერთ მოედანზე მოუყაროს თავი მედიაინდუსტრიის სფეროს წამყვან ექსპერტებს, ჟურნალისტებს, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ბლოგერებს საქართველოდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, რუსული დელეგაციის რამდენიმე წევრი - მედიაფორუმის სპიკერები - საქართველოში არ შემოუშვეს, რის გამოც 4 სექტემბერს დაგეგმილი ინტერაქტიური პანელი „პირველი დემოკრატიული რესპუბლიკების 100 წლისთავი: პოლიტიკური გამოცდილება და გაკვეთილები“ (წამყვანი - გენადი ბორდიუგოვი) - არ შედგა.

5 სექტემბერს, მედიაფორუმის გახსნის დაწყებამდე, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, კერძოდ - „თავისუფალმა ზონამ“ (მიხეილ სააკაშვილის ექსმმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა), სამოქალაქო მოძრაობამ „რუსეთი ოკუპანტია“, აგრეთვე სხვადასხვა გაერთიანებამ, რომლებიც საქართველოში მარიხუანას ლეგალიზაციას უჭერენ მხარს და ლგბტ-ს უფლებების დასაცავად გამოდიან - ქუჩაში, სასტუმრო „ვერე პალასთან“, სადაც ფორუმი მიმდინარეობს, ხმაურიანი საპროტესტო აქცია ჩაატარეს (ვიდეო იხ. აქ). აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ მედიაფორუმი რუსული პროპაგანდის ნაწილია, ხოლო მათ მიერ მოწყობილი თეატრალიზებული პერფორმანსი - პლაკატებით, ანსამბლით და გაშლილი სუფრით - შარჟია საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც სწორედ ასე ხვდება „ოკუპანტებს და პუტინის მონებს“, რომლებიც საქართველოში მის პოლიტიკას ატარებენ.

მედიაფორუმზე საქინფორმის აკრედიტებული ჟურნალისტი მუშაობს, რომელიც ორი დღის განმავლობაში დაწვრილებით ინფორმაციას მოგვაწვდის მისი მუშაობის და ღონისძიების ირგვლივ მიმდინარე მოვლენების შესახებ.