პუბლიკაციები
„არ გათეთრდება ყორანი...“ - მწერალი გივი სომხიშვილი ექსკლუზიურად საქინფორმს

 არ დაწყნარდა ქართველი ხალხის უბედურებად მოვლენილ - ედუარდ შევარდნაძის მიერ დანთხეულ სამსალის აქა იქ ამობალღამება. დღემდე შემორჩენილ მაშინდელ წამებულთა შეუხორცებლად დარჩნილ ჭრილობებში ცილისწამების სიმყრალით ბოდიალი და სატანის ანგელოზის ფრთებით გამოპრანჭვის სურვილით მომავლის შეცდენის მცდელობა. მაგრამ რაც დრო გადის ჭეშმარიტება ისტორიის ფურცლებზე მყარად იკიდებს ფესვს, მოძალადე მიზანთროპის მიერ დაგროვილ ბინძურ ცილისწამებას ფანტავს და მომავალ თაობებს შეახსენებს, რომ ბედნიერია ის, ვინც ამ წუთისოფელში სიკეთით და სიყვარულით გაიელვა.

უფალს მადლობა როგორ არ უნდა შევწიროთ, როცა ქართველი ხალხის პირდორბლიანი მტრის - ნიკიტა ხრუშჩოვის მძვინვარების ჟამს, საქართელოს ღრღნა ქლუხორის რაიონით და ყიზლარის საძოვრების ჩამოჭრით რომ დაიწყო, არყით გამობრუჟვას კი ქართველთა გადასახლებებზე ბოდვით ამთავრებდა, მაშინ ხელმძღვანელად ვასილ მჟავანაძე გვყავდა, მკერდით რომ გადაეღობა ქართველთა უბედურებად გაცოფებულ ნადირს და მის დამხობაშიც თვისი ღირსეული წვლილი შეიტანა.

თაფლის სიტკბოს არ დააფასებ თუ ბალღამის საშინელი სიმწარე არ გიგემია; ეს დაგვემართა და საშინლადაც დავისაჯეთ, დღევანდელი გადასახედიდან ნათლად ჩანს რამხელა სიკეთით, ერის სიყვარულით და მის ბედნიერებაზე ზრუნვით გაჯერებული მამულიშვილის ღვაწლი არ დავაფასეთ; ადამიანური ყველა მანკიერებით  გატენილთა მიერ ცილდაწამებული არც კი გავაცილეთ და ქართველთა უბედურებად დაბადებული ბოროტების გუდა ბალღამი, თაფლზე უტკბესი მომავლის იმედად, ტაშ-ფანდურით წამოსკუპდა ქვეყნის მართვის საჭესთან; გაგვიწყრებოდა უფალი აბა რა!..

პარტიის რაიკომის ინსტრუქტორად ვმუშაობდი, კომკავშირის რაიკომის დიდი ხნით, მძიმედ დაავადებული პირველი მდივნის ადგილზე რომ გადამიყვანეს. აქედან გავეცანი ქართელი ახალგაზრდობის ბრწყინვალე წარმომადგენლებს და იქ დამკვიდრებულ სიკეთეს, სიყვარულს, პატიოსნებას, მეგობრობას და ზნეკეთილობას ვეზიარე. ახალგაზრდობის ამ ბრწყინვალე თაიგულს ამშვენებდნენ; ოთარ ჩერქეზია, როინ მეტრეველი, უსპეტაკესი გოგონა - ნათელა ლაღიძე, რესან კონცელიძე, ნუგზარ ფოფხაძე, სოლიკო ხაბეიშვილი და ჯუმბერ პატიაშვილიც მაშინ გავიცანი და მათაც ისეთივე პატივს ვცემდი, როგორც ყველა დანარჩენს, ამ დროს მოხდა ტრაგედია, მყინვაწვერის დასალაშქრად წასულ ახალგაზრდებს ქარბუქმა მოუსწრო, ვეღარ ჩამოვიდნენ და გაიყინნენ. სოლიკო ხაბეიშვილი ალპინისტური კლუბის ხელმძღვანელიც ყოფილა, ახალგაზრდების სათანადო აღჭურვილობის გარეშე გაშვების გამო კომკავშირის ცეკას მეორე მდივნობიდან გაანთავისუფლეს. ცოტა ხანს მინისტრთა საბჭოში იმუშავა და ლენინგრადის კომკავშირის მდივანმა  ტამარა კუცენკომ ახლა საკავშირო ცეკაში რომ მუშაობდა და ხაბეიშვილთან თბილი  ურთიერთობა ჰქონდა, ეს მჟავანაძეზე განაწყენებული კაცი, მოსკოვში წაიყვანა.

მე კი თურმე პატიაშვილის მეგობარი ვყოფილვარ და ნათელმირონობა მაკავშირებდა, როდესაც მისი ოჯახის არცერთ წევრს არ ვიცნობდი და დღესაც მათზე არავითარი წარმოდგენა არ მაქვს. მაშინდელ კომკავშირში ნათელმირონობაზე ლაპარაკი?.. შევუნდოთ ამის შემთხზველს ეს გამოგონება, რამეთუ ცრუპენტელობის უფრო დიდი სანაგვეები აქვს გამოქექილი, მეგობრობით კი ხაბეიშვილთნ უფრო ახლოს ვიყავი ვიდრე პატიაშვილთან, ჩემი გამოგონილი ქვევრის სარეცხი მანქანის გამოცდის შემდეგ ქებას რომ არ მაკლებდა.

რაიონში დიდი ავტორიტეტით, ხალხის სიყვარულით და ქიზიყური პირდაპირობით ნაკურთხ პარტიის რაიკომის მდივანთან მიწევდა მუშაობა, მართალი სიტყვის თქმისგან ვიღაცა ბღენძის გამო თავის შეკავებით სინდისს საყვედურს რომ არ ათქმევინებდა. ამგვარი პირდაპირობით ნათქვამი სიმართლე შინაგან საქმეთა მინისტრ შევარდნაძესაც მწარე აბივით გადააყლაპა. მანაც ქიზიყი სამეგრელოსავით შეიძულა და მტრობა თავის ბოროტების პირქუში შესაფერის დრომდე გადაინახა. ბილწი მახინაციებით საქართველოს თავკაცად წამომჯდამა ამ ხალხის მოამაგე კაცს ღვარძლი ბოლომდე დააწურა ისე, როგორც ყველა სხვა ღირსეულ ქართველ მამულიშვილს; ამის შემდეგ ქიზიყს ადგილობრივი რაიკომის მდივანი არ ღირსებია.

ქვაბი დაგორდა და საფარობელი ნახაო, ხაბეიშვილის გადამოსკოვებიდან გაღრმავდა მისი შევარდნაძესთან ძმობა. დაიწყო საქართველოდან ცილისმწამებლური წერილების ქარბუქი და მოსკოვში მჟავანაძის წინააღმდეგ აბლაბუდების ბლანდვა.

რით შეიძლებოდა მოეჯადოებინა შევარდნაძეს საქვეყნოდ ცნობილი კორუმპირებული მექრთამე მომხვეჭელი საკავშირო შინაგან საქმეთა მინისტრი, ბრეჟნევთნ უაღრესად დაახლოვებული შჩილოკოვი?! მან კი თავისი გაიტანა და საქართველოში ბოროტებამ უბედურების  ჩარხის ბრუნება დაიწყო.

ადრე მჟავანაძეს ქებით და ლიქნით თავს რომ აბეზრებდა, ახლა დაგესვლა დაუწყო. ვაი მას, ვინც მჟავანაძეს დაელაპარაკებოდა. შეშინებული ყოფილი ნაცნობ-მეგობრები ახლოს ვეღარ ეკარებოდნენ. ცეკას რიგით მდივან გოგიჩაიშვილს მოსკოვში ყოფნისას მისი მონახულება თვითმკვლელობამდე მიყვანად და ოჯახის განადგურებად უქციეს. დაარბიეს, მოხსნეს, დააწიოკეს, მოსპეს ქვეყნის და საქმის ერთგული საუკეთესო კადრები; თავიანთ ინტერესებზე დაალაგეს ფიგურები და დაიწყო არნახული თვალთმქცობით, სიყალბით, მიწერებით, შევარდნაძის ბრეჟნევთნ ბინძური, გულისამრევი ლაქუცით გარდამავალ დროშებზე ნადირობა. ყოველივე ამან პიკს მაშინ მიაღწია შევარდნაძეს გაუგონარი თვალთმაქცობის სატანური უსირცხვილობით შრომის გმირის ოქროს მედლის მოპოვების ფსიქოზი რომ შეეყარა.

მოსკოვში გადახვეწლი ხაბეიშვილის ქუთაისში გადმოყვანის  შემდეგ, თბილისში თავის მეორე კაცის უფლებებით შემოსა და თავისუფალი ნადიობისთვის გზა დაულოცა.

სიღნაღში კი რაიკომის მდივნების კარუსელი ტრიალებდა. შევარდნაძემ ერთი წაიყვანა და მეორე ხაბეიშვილის რუსეთიდან წამოყვანილი რჩეული პარტიულ აქტივს წარუდგინა; ქალის გაუპატიურებასა და სამეურნეო საქმიანობაში დარღვევებისთვის ორი სასტიკი საყვედურით დამშვენებული სიღნაღის რაიკომის მდივნად დანიშვნით დაღუპეს. ამას იმიტომ ვამბობ რომ რომელიმე მეურნეობის ხელმძღვანელობას უფრო მოერგებდა, რადგან ანთებულ ნათურაზე დასეულ ფარვანებით გარშემორტყმული მაამებლების ლიქნის სამსალამ ლამის ჭკუიდან  გადაიყვანა. მის სასაცილოდ ქცეულ უამრავ უცნაურობებიდან ზოგიერთს შეგახსენებთ.

რაიკომის პირველი მდივნებისთვის განკუთვილ ბინაში ცხოვრობდა. ერთ დილით მანქანის საყვირის ხმამ გააღიზიანა და ქუჩა გარდიგარდმო გადაღობა. საღამოთი სამუშაოდან დაბრუნებული მცხოვრებლები ღობემ სახლამდე რომ არ მიუშვა, ატყდა ყაყანი და გაწევ-გამოწევა; ბუჩუკური კი ღობეს იცავდა. მე მომიწია ამ საკითხში ჩარევა და ბოლოს ღობის ნგრევაში თვითონაც მონაწილეობდა.

რაიკომის წინ მდებარე მოედანზე მიცვალებულის გატარება აიკრძალა. არადა, სასფლაოსთან ახლოს გარდაცვლილებსაც კი მოედანზე ატარებდნენ ამ პატარა ქალაქთან გამომშვიდობების ტრადიციით.

მიცვალებული მოედანში რომ არ შემოეყვანათ, სატვირთო ავტომობილებით კეტავდა. მძღოლები პროცესიის გამოჩენისთანავე გზას ათავისუფლებდნენ. ის კი ქანჩის გასაღებით, ,,კლუჩით“, დარბოდა ამ მანქანებიდან ნომრების ასახსნელად.

ერთხელ თანამშრომლები მომიცვივდნენ, გვიშველე, ბუჩუკურს ვეღარ ვაკავებთ. მოედანზე მიცვალებულს დოლ-გარმონის სამგლოვიარო ხმაზე მიაცილებდნენ. ეს კიდევ რაიკომის ფანჯრიდან ხელებს იქნევდა და ყვიროდა, დოლ-გარმონით დაკრძალვა სად გაგონილაო. დაბლიდან მედოლემ საფეთქელთან თითის მიტანით დაუძახა, შენ დარეხვილი ხომ არა ხარო! გაცეცხლდა. გინებით გამოვარდა, მეორე სართულზე დავიჭირე და ძალათი შევიყვანე თავის კაბინეტში; ძალიან არასასიამოვნო კამათი მოგვივიდა. მე ის მაშინ რომ გამეშვა, ჭირისუფლები და მუსიკოსები ისე გაწეწავდნენ, საქართელოში გამოვჭენდებოდით.

რაიკომის საერთო ტუალეტში სიარული იუკადრისა, შიგ თავისთვის ჯიხურის მსგავსი რაღაც ააშენებინა, ჩაკეტა და გასაღებით დადიოდა. ერთხელ მდივანმა გოგომ გასაღები საზეიმოდ გადმომცა, ბუჩუკურმა გამოგიგზავნა, შეუძლია იმ ტუალეტში იაროსო, გასაღები ფანჯრიდან მოვისროლე და ჩემთავად მანდ შემსვლელისთვის ძარღვიანი კახური გინებაც დავაყოლე. არაფერი უთქვამს, ალბათ, მადლობას ელოდებოდა; სიძულვილის ბოღმა კი საგრძნობლად უგროვდებოდა.

საქართველოში მიწერების და თვალთმაქცობის ქარბუქი უფრო ძლიერდებოდა. კეთილშობილებით, პატიოსნებით, ქართული რაინდული სულის ადამიანური სიკეთით და სიმართლით შემკული მთავრობის ხელმძღვანელი - პატარიძე ამ ბოროტების ჩაქრობას ცდილობდა. მაგრამ ვერ ერეოდა, რადგან მის გაძლიერებას შევარდნაძის ბანდა უმატებდა საწვავს.

პარტიის ცეკაში კი პატიაშვილი ბორგავდა, თათბირებზე თუ პირად შეხვედრებში რისხვის და მუქარის ცეცხლს ანთებდა მიწერების და ყოველგვარი სიყალბის ამოსაშანთავად, მაგრამ რა შეეძლო, როცა შევარდნაძე ყალბი დიდების შარავანდედისთვის იყო გადარეული.

ერთხელ ბუჩუკური თბილისიდან დაბოღმილი მოვიდა ხაბეიშვილს სიღნაღის პარტიული ორგანიზაციის ბრწყინვალე გამოცდილებაც რესპუბლიკაში  დასანერგად ცეკას ბიუროზე დასამტკიცებლად პროექტი მოემზადებინა, პატიაშვილს კიდევ მაგრად გაეკრიტიკებინა და ბუჩუკურიც გვარიანად დაეუთოებინა; ეს საკითხი ჩაუვარდათ. რაიკომის ვიწრო ჭორბიუროში ბუჩუკურმა პატიაშვილზე უკმაყოფილობის ბოღმა გადმოანთხია მლიქვნელთა  ვახ-ვახის აკომპანიმენტით. მაშინ მე იდეოლოგიის დარგის მდივანი ვიყავი. განვაცხადე, მაგ საყვედურებს ის სჯობია საქმეს  მივხედოთ, თორე პატიაშვილი თვალთმაქცობა, მიწერა, დანაშაულისთვის ძმას არ დაინდობს - მეთქი. არც კი ვიცოდი პატიაშვილს ძმა თუ ჰყავდა, უბრალოდ ასეთი გამოთქმა არსებობს. შეიძლება სხვა დროსაც ასეთი რამ ვთქვი, ამიტომ პატიაშვილის კაცად ჩამთვალეს, მის ძმასთან ახლოს რომ ვიყავი და ჭორბიუროებს ჩემ გარეშე მართავდნენ.

საქართველოს კი ყალბი დოდების, მიწერების და პომპეზური ბაქი-ბუქის მტვერი ახრჩობდა. უკვე დამთავრებული ჰქონდათ გაუგონარი მიწერებით და თვალთმაქცობით გმირის ოქროს მედლის შევარდნაძისთვის სამარცხვინოდ მონადირების გაწამაწია. შვებულებიდან გამომიძახეს და ვითომ ახლებურად მომუშავე აგროპრომის თავმჯდომარედ შევარდნაძეს შემახვედრეს. ყურებში კი სატანის ბოდვასავით მიწიოდა, ახლაც ილაპარაკოს მიწერები და თვალთმაქცობა არ შეიძლებაო.

მდგომარეობა კი მართლაც მძიმე იყო, წინა წელს დაშვებული მიწერის შედეგის აღმოფხვრას ივნისის ბოლომდე ნახატის მიღების საკითხი ეწირებოდა. მწარე სიმართლედ ნათქვამი მახსენდებოდა: ერთნი ჯერ ძალათი გაგაუპატიურებენ, მერე დაგძახიან, ბოზოო. პარტიის რიგებიდან დარღვევა-დანაშაულის ჩადენას გავალებდნენ, თვითონ პასუხს არ აგებდნენ, თუ საჭირო გახდებოდა ამ დანაშაულისთვის ისევ ისინი დაგსჯიდნენ.

ყოველგვარი მიწერა ავკრძალე და სასტიკად დაიძაბა პარტიის რაიკომთან ურთიერთობა. უკუღმართი, დავალების მისაცემად აგროპრომში ცხვირს ვეღარ ყოფდნენ. წელი მთავრდებოდა და დაძაბულობამ იმატა. გაბერილ გეგმებს ვერ ვასრულებდით, მაგრამ რეალურად წარმოებული  პროდუქციით წინა წელს საგრძნობლად ვასწრებდით. ვიხვეწებოდი, ეს ერთი წელი გვადროვეთ, მომავალ წელს ყველაფერს რეალურად შევასრულებთ-მეთქი. ვის დაკარგვიხარ, როცა შევარდნაძე მიწერით გაბერილი ციფრებით ყოველ წელს მეტსა და მეტს ითხოვდა. მე ვერ მიბედავდნენ, მაგრამ მთავარ ზოოტექნიკოსს იბარებენ, მუქარით და ლანძღვით გულგახეთქილს ისევ ჩემთან აგზავნიან, მიწერა ვერ მოახერხეს და პირუტყვის მდგომარეობა საგრძნობლად სასიკეთოდ რომ შეიცვალა, სულადობის გეგმა არ შესრულდა. ასევე არ შესრულდა მიწერის იმედზე დამყარებული სხვა გეგმებიც. ამგვარ პირობებში ჩემი აგროპრომში მუშაობა აღარ შეიძლებოდა.

ბუჩუკური შევარდნაძესთან მიდის თბილისში და დიდხანს საუბრობენ. დანარჩენი ბიუროს წევრებიც დამოძღვრეს და ბიუროზე ჩემი საკითხის განხილვა დანიშნეს. მანამდე უკვე მოვითხოვე გათავისუფლება. სასაცილოდ შეთითხნილ პროექტში ჩემს მიერ გეგმის შეუსრულებლობა დომინირებდა. სხვათა წვრილმანი ბრალდებებიც მე მომაწერეს და ჩემი განთავისუფლების თხოვნა დააკმაყოფილეს. ბიუროს ეს ხაბეიშვილის მოლარე და ცეკას სხვა ინსტრუქტორიც ესწრებოდა. ფულის შეგროვება, რა ბუჩუკურის განცხადება? გასაკვირია, ცეკას ორი ინსტრუქტორი ესწრებოდა და არ მოითხოვეს ამ საზარელი ბრალდების დაკონკრეტება? ჩამოდის თბილისში, შევარდნაძესთან შეხვედრას ცდილობს; რომ ეს მოახსენოს. მაშინ მე რაში დამესიზმრებოდა, ჩემს ირგვლივ რა სამზარეულო ცილისწამება იბლანდებოდა, ჯუმბერ პატიაშვილის გზიდან ჩამოსაცილებლად. მერე გაირკვა, რომ შევარდნაძე-ხაბეიშვილის კაცთმოძულე სამზარეულოში მოხარშული ეს სიბილწე გამოიტანეს. უაღრესად სანდო არსების, რათა ბუჩუკურისთვის ბიუროზე ეთქმევინებინა, ახლა შევარდნაძისთვის უნდა მოეხსენებინა, რომ ბუჩუკურმა ამის თქმა ვერ გაბედაო.

მალე ცეკაში გამომიძახეს რაიონში შეთითხნილი, სასაცილო პროექტის გადამღერებით მე მოვითხოვე ყველაფერი თვითონ გადაემოწმებინათ. შევარდნაძემ გამოაცხადა, ხაბეიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილმა კომისიამ ყველაფერი გადაამოწმოსო. მე სიმართლის რწმენის გულუბრყვილობით ველოდი კომისიას. მალე ,,კომუნისტში“ გამოქვეყნდა, ცეკას ბიუროზე სომხიშვილი მოხსნეს ადრე უკვე განთავისუფლებული და პარტიიდან გარიცხესო. არავითარი კომისია. მოვისვენე და ,,იორწყალმშენის“ ტრესტში დავიწყე ფიზიკურად მუშაობა.

კარგა ხნის შემდეგ ისევ გამომიძახეს ცეკაში. რა ფულს აგროვებდიო? საშინლად გავმწარდი. დაკითხვის ოქმი შეადგინეს და წამოვედი. მაშინ გავიგე, თურმე ბუჩუკური იბარებდა ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს და აძალებდა, უნდა დაეწერათ, რომ სომხიშვილი ფულს აგროვებდა პატიაშვილთან მისატანადო. რომ ვერ ითანხმებდა, მილიციის უფროსთან აგზავნიდა. ის საკანში შეაგდებდა და მეორე დღეს ისევ უტრიალებდა მუშტს. საქმე გართულდა. მილიციის უფროსს აქეთ შეუტიეს და ცეკაში დასმენით დაემუქრნენ. შეშინებულმა მათ დაასწრო, ცეკაში განაცხადა რას ავალებდა ბუჩუკური. ამის დაფარვა აღარ შეიძლებოდა. კომისიამ მკაცრად შეისწავლა ეს საკითხი, ამ დანაშაულისათვის ბუჩუკური მოხსნეს და პარტიიდან გარიცხეს.

გამწარებული ბუჩუკური ხაბეიშვილს შეუვარდა, ეს რა ჩამადენინე, რატომ დამღუპეო?!

მაგ ბიუროზე მე ვერ მოგეხმარებოდი, ქაღალდები მიაწოდა, აქ ყველა დანაშაულზე წერია, შევარდნაძეს მოხსნიან და მე გიშველიო.

ბუჩუკურმა ეს საჩივარი საკავშირო ცეკაში მიიტანა. ბუჩუკურის მეუღლეზე ამბობდნენ, ანდროპოვის ახლობელიაო. ის უკვე სასიკვდილო სარეცელზე იწვა, ჩერნენკომ კი შევარდნაძეს გადმოუგზავნა ზომების მისაღებად. მანაც გაატარა ზომები და ბუჩუკური მაშინვე დააპატიმრეს. საპატიმროდან ერთხელ კიდევ მოახერხა ხაბეიშვილისთვის წერილის გაგზავნა, დამეხმარე, თორემ ყველაფერს ვიტყვიო.

,,ჩვენ უძლიერესი მტრები გაგვიჩნდა, რადგან სოლიკო ხდებოდა შევარდნაძის უპირობო შემცვლელი.“ - წერს ეს ,,ნიჭიერი ანალიტიკოსი“. ჩვენო, თვითონ საით კუდი იღლია იყო ეს დიდ მტაცებელს ადევნებული ტურა, მაგრამ ტურაც ხომ მტაცებელია, ოღონდ პატარა.

მოსკოვში რა დონეზე ჩააწყეს საქმე არ ვიცი, ისე კი, საქართველოში ფრიად საწინააღმდეგო ავტორიტეტი ჰქონდა. მაშ, ასეთი საზიზღარი და ბინძური მეთოდებით რატომ ებრძოდნენ ჯუმბერ პატიაშვილს, რომელსაც შევარდნაძის შემცვლელბისთვის თითიც არ გაუნძრევია.

იგრძნობოდა კიდეც, რომ ხელსაყრელ მომენტში სოლიკო ედუარდს დაჩრდილავდა და გვერდით მოისროდაო.

მოსკოვში გადახვეწილი ჩამოიყვანა და საქართველოში აღვირახსნილი ჯირითის განუსაზღვრელი ძალაუფლებით აღჭურვა; მეორედ მოსვლისას ისეთი ფონდი ჩააბარა, როგორც ვირთხას ქერით გატენილი ორმო. მაშინ საქართველში გაძრიალებულ ძარცვა-რბევისას უკეთესს ვერ ინატრებდი ეს დიდ მტაცებელს გამოკიდებული ანალიტიკოსი ტურა. ბაგებში გამოჭიმული თავის ზღაპრული, უზარმაზარი ბინის აივნიდან ნებივრად რომ გადმოხედავს ქალაქს და სიყალბე-ცილისწამების ბოდვა მოეძალება, როგორც შხამით გატენილ უხსენებელს ცხელ ასფალტზე წოლა, მინდა შევახსენო, რომ ჭეშმარიტება სიცრუის ძაფით ბლანდვას ვერ იტანს. ფრთხილად იყოს, მაგ არმად მოხვეჭილ სასახლიდან სიცრუის და ცილისწამების მყრალი ქარის ქროლას ნუ თესავს, თორე სიმართლის გრიგალი წალეკავს!

ეს ,,ანალიტიკოსი“ წერს, რომ დაკავების სანქციას ბარაბაძემ ხელი არ მოაწერაო. რატომ მოაწერდა ხელს, როცა შევარდნაძე-ხაბეიშვილის დანაშაულებრივი ალიანსის წევრი იყო. ჩემზე შეთხზული ბრალდების შემსწავლელმა კომისიამ ამ დანაშაულისთვის ბუჩუკური დასაჯა. ბარაბაძემ კი ალიანსის დავალებით ჩემი დაპატიმრების სანქცია გასცა და შემდეგ შეუდგა ცრუ ბრალდებების შეკოწიწებას; თანაც მემუქრებოდნენ, ბარაბაძე დაგკითხავს და იმას გაღიარებინებს, რაც კომისიამ უარყოო. მსურველს შეუძლია მაშინდელი გენერალური პროკურორის - რაზმაძის მიერ გამოქვეყნებულ წიგნში ამოიკითხოს, შევარდნაძემ დაგვავალა სომხიშვილს ათქმევინეთ, რომ პატიაშვილისთვის ფულს აგროვებდაო. გარეთ რომ ვერაფერს გავხდით, დავაპატიმრეთ მაგრამ ვერაფერი ვათქმევინეთო.

იმდენად საზიზღარი და ბინძურია ეს ცილისწამება, რომ მისი გახსენება დღესაც მზარავს. კაცის მოკვლა რომ დაებრალებინათ ისე არ შემაშფოთებდა, როგორც ეს სატანის ქურაში გამოტარებული ცილისწამება. ,,ეს რამ მოაფიქრებინათ, კაცო?!“-დათა თუთაშხიას მწარე ტკივილით შენელებული სიტყვები მახსენდება ხოლმე.

სასამართლოზე ბუჩუკურს ნათქვამი მთელმა სააქართველომ მოისმინა:-ამან მომიყვანა, ამან დამაწინაურა და ციხეში ამის წყალობით მოვხვდი; ეს ცეკას პირველი მდივნის ჩოხის მორგებისთვის ემზადებოდაო.“ - ესაც თანამდებობისთვის გამძვინვარებული კარიერისტის დახასიათება.

საქართველოს უბედურებად მოქრთამვის მახინაციებით გამძვრალი შევარდნაძის ყველა ბილწი საქმიანობათა უშუალო მონაწილე იყო ხაბეიშვილი, რომელიც ასე ახლოს თავის ზრახვების თანამოზიარედ გვერდში დაიყენა. ეს ხაბეიშვილს ადევნებული ტურა კი წერს, დაჩრდილავდა და გვერდით მოისროდაო. ამაზეა ნათქვამი, უბეში გველი მყოლიაო. აფერუმ, თქვენ შხამით გატენილ მორიელის თვისებებს!

ოცდარვა თვე სუკ-ის დილეგში ჩამწნილებული, უკვე პატიაშვილის დროს სასაცილოდ შეთხზული ბრალდებებით გამასამართლეს. განგებას მაინც არ ვემდური, რადგან იუზა კობახიძის ბედი გარანტირებული მქონდა, პატარიძეზე ცილისწამება რომ ვერ აკისრებინეს და ეს კეთილშობილი, უაღრესად განათლებული და კაცთმოყვარე ვაჟკაცი შეთითხნილი, ყალბი ბრალდებებით დახვრიტეს. ახლა ყველანი იმ გრძელ სოფელში არიან და ინატრონ, რომ უფლის სამსჯავრო არ არსებობდეს.

შევარდნაძე-პატიაშვილი-სააკაშვილის რეჟიმიო წერს წერილის ავტორი. პატიაშვილი შევარდნაძესთან რა დასაკავშირებელია, როცა მოსკოვში დაწინაურებული პატიაშვილის სიძულვილით საქართველოს შხამსა და სამსალას არ აკლებდა. თუნდაც 9 აპრილის ამბავს პატიაშვილს ვინ ეკითხებოდა, როცა გორბაჩოვის მიერ საგანგებო ძალაუფლებით აღჭურვილი შევარდნაძე განაგებდა ყველაფერს. მომიტინგეების დარბევის ბრძანებას მოსკოვიდან გასცემდა თუ აქედან რა მნიშვნელობა ჰქონდა,როცა ამ ძალაუფლებით მარტო ის იყო აღჭურვილი. პატიაშვილისთვის 9 აპრილის დაბრალება?.. ამით შევარდნაძის მიერ ჩადენილ ცოდვებს ვერ შეამსუბუქებენ. დღევანდელი სავალალო ყოფა სწორედ მის მიერ დანთხეული საშინელი ღალატის გამოძახილია.

რა დააშავა ზვიად გამსახურდიამ, ერთი წელიც რომ არ დააცადეს, სისხლისღვრით დაამხეს და ეს საქართველოს სიყვარულით გულანთებული ბრწყინვალე მამულიშვილი მოკლეს თუ თვითმკვლელობამდე მიიყვანეს და ქართველ ერს ღვთისმშობლის კუთვნილ სამშობლოში ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციეს.

28 აგვისტო 2018 წელი