პოლიტიკა
საქინფორმის ჟურნალისტური გამოძიების წყალობით საქართველოში რუსეთის ვიზებით სპეკულაციას ბოლო მოეღო!

 საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. 2014 წლიდან სულ ბოლო ხანებამდე პერმანენტულად გრძელდებოდა საქინფორმის ჟურნალისტური გამოძიება, რომლითაც სახელდებით იქნენ მხილებული საქმოსნები, ქურდები და პროვოკატორები, რომლებმაც რუსეთის ვიზებით, თანამემამულეთა ხაზით და სხვა პროგრამებით საქართველოში შემოსული ჰუმანიტარული დახმარებითა და გრანტებით სპეკულაციით უზარმაზარი ქონება იშოვეს. დანაშაულებრივი სქემა საქართველოში 08.08.08. ომის შემდეგ ჩამოყალიბდა, როდესაც რუსეთის წარმომადგენელი საქართველოში გახდა არა საელჩო, არამედ შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რფ-ის ინტერესების სექცია. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქინფორმმა მიმართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვ. პუტინს, რფ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, და ღია წერილით - რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გ. კარასინს - გადაწყდა, დამნაშავეებისთვის ბოლო მოეღოთ.

„ქართულ მედიაში ჭარბად მოიპოვება მასალები, რომლებიც მოწმობს, რომ რუსეთში გამგზავრების მიმართ საქართველოს მოქალაქეების განუხრელად მზარდი ინტერესის ფონზე არაკეთილსინდისიერმა შუამავლებმა ბოლო წლებში, ფაქტობრივად, მასშტაბური ჩრდილოვანი ბიზნესი ააწყვეს და სექციის სავიზო განყოფილებაში ელექტრონულ რიგში ადგილების გაყიდვით ხელს ითბობდნენ. იქიდან გამომდინარე, რასაც აღშფოთებული მოქალაქეები სამინისტროს სწერდნენ, საქმოსნები, რომლებმაც სექციის საკონსულო განყოფილების ახლომდებარე რაიონების ოკუპაცია მოახდინეს, ცდილობდნენ, ვიზის სწრაფად გაფორმების მსურველი თითოეული მოქალაქისგან 500 აშშ დოლარი ეშოვათ. მსგავს გარემოებებში საქართველოს ბევრი მოქალაქე რუსეთში გამგზავრებაზე საერთოდ უარს ამბობდა. გარდა ამისა, ინტერესთა სექციაში გამუდმებით შედიოდა ამ შუამავალთა მიერ მოტყუებული მოქალაქეების მიმართვები, თუმცა მათ საკონსულო განყოფილებასთან საერთო არაფერი ჰქონდათ.

ამგვარი ვითარება ჩვენი მხრიდან ყურადღების გარეშე ვერ დარჩებოდა. სექციის ხელმძღვანელობამ არაერთხელ მიმართა საქართველოს სამართალდამცველ ორგანოებს თხოვნით, მიეღოთ ზომები იმ ხარბი შუამავლების აქტიურობისთვის ხელის შესაშლელად, რომლებიც საკუთარი თანამოქალაქეების გასაჭირზე მდიდრდებოდნენ.

უეჭველია, რომ სრულფასოვანი სავიზო ცენტრის გახსნა დიდად არ ახარებს მათ, ვინც თავისი, რბილად რომ ვთქვათ, ბინძური ბიზნესი დაკარგა და უწინდებურად ამაოდ ცდილობს სექციის საკონსულო განყოფილების გარშემო დაძაბულობის გამწვავებას.

ცხადია, რომ ამით გადაჭრით მოეღო ბოლო რიგებით მანიპულაციებთან დაკავშირებულ განუკითხაობას, რომელიც თბილისში 17 აგვისტომდე შეიმჩნეოდა. რუსეთის სავიზო ცენტრის გახსნას მიესალმა საქართველოს ხელისუფლება, ხოლო თავად ეს მოვლენა ფართოდ გაშუქდა ადგილობრივ და რუსულ მედიაში“, - ნათქვამია, კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელ განცხადებაში.