პოლიტიკა
შეხედეთ რუსულ ტელევიზიას, იქ ხომ ერთი პოლიტიკა მიდის და მხოლოდ ერთი პოლიტიკა შუქდება. აქ კი შეგვიძლია, განსხვავებულ თემებზე ვისაუბროთ! - ალექსეი მალაშენკო

 საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. დღეს თბილისში მუშაობას იწყებს ორდღიანი საერთაშორისო სამხრეთკავკასიური მედიაფორუმიმედიის როლი რეგიონში ნდობის გამტკიცებაში“, რომელიც მოწოდებულია, ერთ მოედანზე მოუყაროს თავი მედიაინდუსტრიის სფეროს წამყვან ექსპერტებს, ჟურნალისტებს, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ბლოგერებს საქართველოდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. 

"რამდენად შესაძლებელია ქართველებთან საერთო ენის პოვნა მაშინ, როდესაც 10 წლის წინ მოხდა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია?" - ასეთი შეკითხვით მიმართა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა ნათია გოგსაძემ მოსკოვიდან ჩამოსულ ფორუმის ერთ-ერთ სპიკერს - მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის პროფესორს, პოლიტოლოგს, ისლამის პრობლემების წამყვან სპეციალისტს ალექსეი მალაშენკოს.

„მე ოკუპაციის შესახებ არ ვაპირებ ლაპარაკს. მე სხვა პრობლემები მაქვს, რომლებიც ეხება პოლიტიკურ კულტურას და ურთიერთობებს.  ყველაფერი ასე უბრალოდ არ არის. ჩვენ გვინდა სუფთა პოლიტიკა. თუ ჩვენ გვინდა, დავკავდეთ პოლიტიკით, შეგვიძლია სხვა ადგილი ავირჩიოთ ამისთვის, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა ვისაუბროთ სხვა თემებზე, ამ თემასთან დაკავშირებით შეგვიძლია გავმართოთ დისკუსია. მთავარი პრობლემა არის კომუნიკაცია, რაც გამოიხატება ურთიერთობებით ერთმანეთთან და სწორედ ამ თემებზე გვინდა ვისაუბროთ.

ჩვენ უნდა ვიურთიერთოთ ყველა პრობლემის მიუხედავად, რაც არსებობს. ხანდახან ეს არ გამოდის, მაგრამ ჩვენ უნდა ვიურთიერთოთ. გარემოებები ყოველთვის არსებობს რთული და შესაძლოა, ეს დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ ყველაზე რთული არის ამ გარემოებებში კომუნიკაცია და ურთიერთობა. დანარჩენით, ალბათ, უნდა დაკავდეთ პოლიტიკოსები. შეხედეთ რუსულ ტელევიზიას, იქ ხომ ერთი პოლიტიკა მიდის და იქ მხოლოდ ერთი პოლიტიკა შუქდება. აქ კი შეგვიძლია, განსხვავებულ თემებზე ვისაუბროთ!

შემიძლია გითხრათ, რომ პირადად მე არ ვარ პროპაგანდის ნაწილი და პროპაგანდის ნაწილი არ არიან ადამიანები, რომლებიც აქ არიან ჩამოსული. მე ვაპირებ ურთიერთობას მედიასთან, ჩემს კოლეგებთან, ჩემს მეგობრებთან. არც კი ვიცი სრული სია, ვინ მიიღებს ამ ღონისძიებაში მონაწილეობას.

არსებობს სახელმწიფოს ენები და არსებობს ურთიერთობების ენა. ჩვენთან რუსეთში ძალიან ბევრს ლაპარაკობენ რუსოფობიის შესახებ. მე ვყოფილვარ აზერბაიჯანში, სომხეთში, საქართველოში. აქ რუსოფობია არ არის, მაგრამ არის კრემლოფობია. აი, ეს არის ჩემთვის საინტერესო“, - განაცხადა ალექსეი მალაშენკომ.