უცხოეთი
პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერი იორდანიასთან და ისრაელთან სამმხრივი კონფედერაციის შექმნას ემხრობა

 საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. მაჰმუდ აბასი იორდანიასთან და ისრაელთან სამმხრივი კონფედერაციის შექმნის იდეას ემხრობა. რამალაში, ორგანიზაცია Peace Now-ს წევრებთან შეხვედრაზე, პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერმა თქვა, რომ იორდანიასთან კონფედერაციის იდეა აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ჯარედ კუშნერმა და ჯეისონ გრინბლატმა შესთავაზეს.

მე ვუთხარი, დიახ მსურს სამმხრივი კონფედერაცია ისრაელთან და იორდანიასთან. მე მათ შევეკითხე, თანახმაა თუ არა ისრაელი მსგავს წინადადებაზე“, – თქვა მაჰმუდ აბასმა შეხვედრაზე.

გავრცელებული ინფორმაციით, რამალაში გამართულ შეხვედრას ისრაელის პრემიერ-მინისტრის პარტია „ლიკუდ“-ის წევრებიც ესწრებოდნენ. პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ისრაელსა და აშშ-ში კომენტარს არ აკეთებენ.

აშშ-ის გეგმას იორდანიის ხელისუფლება ეწინააღმდეგება. ქვეყნის მთავრობაში ამბობენ, რომ ოფიციალური ამანი კონფლიქტის გადაწყვეტის გზად კვლავ ორი სახელმწიფოს პრინციპს მიიჩნევს.

1tv.ge