პოლიტიკა
ევროპარლამენტი წარმოადგენს შესწორებებს და რეკომენდაციებს საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების ანგარიშში

 საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა წარმოადგინოს შესწორებები და რეკომენდაციები ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების ანგარიშში, რომელიც კომიტეტმა გასულ კვირას – 30 აგვისტოს განიხილა.

როგორც პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს შესახებ მომხსენებლის ანდრეს მამიკინსის მიერ წარდგენილი ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მხრიდან როგორც ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესს, ასევე ზოგადად ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის პროგრესს და მთავრობის ძალისხმევას.

ევროპარლამენტი მიესალმება ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და ევროპული დღის წესრიგისადმი საქართველოში პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების ფართო მხარდაჭერას“,- ნათქვამია ანგარიშის პროექტში.

საგარეო უწყების ცნობით, დოკუმენტით მომხსენებელი მიესალმება საქართველოს მიღწევებს კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის პროცესში, მათ შორის კორუფციასთან ეფექტიანი ბრძოლის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, სასამართლო რეფორმის განხორციელების, საჯარო ადმინისტრირების რეფორმის კუთხით.

ამასთან, ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი იზიარებს ვენეციის კომისიის საერთო დადებით შეფასებას საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დოკუმენტში დადებითად არის შეფასებული მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში ადამიანის უფლებების განმტკიცების უზრუნველსაყოფად, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის შექმნა.

თავისუფალი და პლურალისტული მედიის კონტექსტში დოკუმენტში აღნიშნულია და დადებითად არის შეფასებული საქართველოს გაუმჯობესებული პოზიციები „ჟურნალისტები საზღვრების გარეშე“-ს რეიტინგში.

ანგარიშის პროექტი მხარს უჭერს საქართველოს პოლიტიკას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მიზნით და მის კონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. უაღრესად დადებითად არის შეფასებული მთავრობის ინიციატივანაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

ანგარიშის პროექტი ხაზს უსვამს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და მასში აღნიშნულია, რომ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას, ევროკავშირის 49- მუხლის თანახმად, შესაბამისი კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლია ევროკავშირში გასაწევრიანებლად განაცხადის გაკეთება.

ანგარიშის პროექტი ასევე მიესალმება საქართველოს მთავრობის განსაკუთრებულ ძალისხმევას ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნისა და შრომითი უფლებების დაცვისადმი, რაც გამოიხატა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიღებაში. ანგარიშის პროექტი უაღრესად დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ საინფორმაციო კამპანიებს ასოცირების შეთანხმების სარგებლის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით და საქართველოს მთავრობის ძალისხმევას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულების კუთხით.

ანგარიშის პროექტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველო აღიარონ უსაფრთხო ქვეყნად. აღსანიშნავია, რომ ასოცირების შეთანხმებების განხორციელების მონიტორინგი ევროპარლამენტის ახალი ინიციატივაა, რომელსაც ევროპარლამენტი დამოუკიდებლად განახორციელებს. მონიტორინგი შეეხება სამივე ასოცირებული ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) მიერ ასოცირების შეთანხმებების განხორციელების მიმდინარეობას“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს შემთხვევაში ასოცირების შეთანხმების განხორციელების ანგარიშთან დაკავშირებით მომხსენებელია ევროპარლამენტარი ანდრეს მამიკინსი.

30 აგვისტოს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე გაიმართა ანგარიშის პროექტის პირველი მოსმენა. მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში ანგარიშს კენჭს უყრიან ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე, ხოლო მიმდინარე წლის ნოემბერში ანგარიშს კენჭი ეყრება ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.