საზოგადოება
იოსებ კობზონი: სოსო, შენ რომელ ხმას მღერი?! - იხსენებს საქინფორმის მთავარი რედაქტორი

 მოსკოვი, 2010 წელი. შერემეტიევოში “რუსეთის ქართველთა კავშირის” პრეზიდენტის მიხეილ ხუბუტიას მძღოლი დამხვდა და მისი თხოვნა გადმომცა - თუ ძალიან დაღლილი არ ვიყავი, სასტუმროში წასვლამდე პირდაპირ მასთან შემევლო, მანეჟში.

ასეც მოვიქეცით. მაგრამ ხუბუტიასთან მარტო მისალმება და თბილისიდან ჩატანილი ჩურჩხელებით მისი გახარება მოვასწარი - მდივანი შემოვიდა შემდეგი სიტყვებით: მოვიდნენ, თქვენ შეხვდებით?“. ხუბუტიამ მომიბოდიშა, ცოტა ხნით დაგტოვებო და კაბინეტიდან გავიდა, ორიოდე წუთის შემდეგ კი მდივანმა მისი დაჟინებული თხოვნა გადმომცა, იქვე, მოსკოვის მანეჟის ცოკოლის სართულზე მდებარე რესტორან „კოლჩუგაში“ ჩავსულიყავი - თორემ მიხაილ მიხაილოვიჩს ეწყინება“.

რესტორანში ჩავედი და დავინახე, რომ სტუმრები უკვე შემოსხდომოდნენ ზღაპრულ სუფრას - მელორ სტურუა მეუღლესა და ვაჟიშვილთან ერთად, რობერტ სტურუა, ევგენი პრიმაკოვი, იური ლუჟკოვი, მოგელი ხუბუტია, ზურაბ სოტკილავა და იოსებ კობზონი (ბოდიშს ვიხდი, ვინმე გამომრჩა). თურმე, ხუბუტიას მელორ სტურუას დაბადების დღის აღსანიშნავად სტუმრები თავის რესტორანში მოეწვია.

ნამდვილი ქართული ქეიფი გაჩაღდა, თამადით და სადღეგრძელოებით. ზურაბ სოტკილავამ თავის სტუდენტ გოგონასთან ერთად შესანიშნავად იმღერა იტალიური დუეტი და კიდევ რაღაც ქართული საოპერო კლასიკიდან, მერე კი მთელი საღამო იოსებ კობზონი მღეროდა, რომელმაც საგანგებოდ წამოიყვანა თავისი აკომპანიატორი.

მოგვიანებით თიკა კანდელაკი და სოსო პავლიაშვილი მოვიდნენ, კობზონმა გადაწყვიტა, მასთან ერთად „თბილისო“ ემღერა. მახსოვს, პავლიაშვილმა კობზონს მეორე ხმა ვერ შეუწყო და პირველი მისამღერის შემდეგ იოსებ დავიდოვიჩმა ჰკითხა: სოსო, შენ რომელ ხმას მღერი?!“, რის შემდეგაც ორივემ პირველი ხმით განაგრძო სიმღერა, მაგრამ რიგრიგობით - ერთი სტროფი კობზონმა, ერთი - პავლიაშვილმა!

გადატანილი ოპერაციის და ქიმიოთერაპიის კურსის მიუხედავად კობზონი შესანიშნავ გუნებაზე იყო და თავი ყოჩაღად ეჭირა, ბევრი სიმღერა იმღერა - ფეხზე მდგარმა, მთელი ძალ-ღონით, მან სხვანაირად არ იცოდა... კიდევ თბილისში, სახელმწიფო ფილარმონიაში ჩატარებული ბოლო კონცერტის შესახებ შთაბეჭდილებები გამიზიარა, რომლის ორგანიზაცია ერთი წლით ადრე ხუბუტიამ გააკეთა.

... გამომშვიდობება დავიწყეთ, ხუბუტია ყველა სტუმარს ჩემს ჩატანილ ჩურჩხელებს ურიგებდა სიტყვებით - გასინჯეთ ქართული სნიკერსი!“, მელორ სტურუას ვაჟმა ანდრეიმ კი სამახსოვრო ფოტოები გადაგვიღო. იოსებ კობზონს მეტად აღარ შევხვედრივარ.

ვფიქრობ, დღეს ბევრი მთელ თავის ქონებას დათმობდა, ოღონდაც დროის 8 წლით უკან, იმ დაუვიწყარ საღამოზე დაბრუნება შეძლებოდა...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2018 წლის 4 სექტემბერი
საქართველო, თბილისი