აქტუალური
უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი - სინოდი, შესაძლოა, უახლოეს დღეებში შეიკრიბოს

 საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. დაუჭერს თუ არა მხარს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, მსოფლიო პატრიარქის მსგავსად, უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიას, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

სასულიერო პირები წმინდა სინოდის სხდომას ელოდებიან, სადაც მღვდელმთავრები გადაწყვეტილების მისაღებად შეიკრიბებიან. მათი თქმით, არის მოლოდინი, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის ავტოკეფალიას მხარს დაუჭერს.

ცხადია, რომ რეაგირება მოგვიწევს, როგორ, რანაირად, რა ფორმით, არ ვიცი, - განაცხადა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა.

სასულიერო პირების განცხადებით, საქართველოს საპატრიარქო კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებას ელოდებოდა.

სინოდს კონკრეტულად ამ საკითხზე არ უმსჯელია. ჩვენ ველოდებოდით კონსტანტინოპოლისა და რუსეთის შეთანხმებას. უახლოეს დღეებში კონსტანტინოპოლში, როდესაც სინოდის სხდომა ჩატარდება, უკვე უფრო მეტად გამოიკვეთება და შემდ მოგვიწევს ჩვენი აზრის გამოკვეთა. იმედი მაქვს, რომ სინოდში იქნება უმრავლესობა სიმართლის მხარდასაჭერად, - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ.

მსოფლიო პატრიარქმა უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება რუსეთის პატრიარქ კირილს უკვე ამცნო.