პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: აშშ საქართველოს და აზერბაიჯანს ევრაზიულ კავშირში უბიძგებს!

 რუსეთის, ირანის, თურქეთის და ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების და  საბაჟო გადასახადების გამოცხადებით აშშ-მა ირიბად ეკონომიკური ომი გამოუცხადა საქართველოს, ვინაიდან ყველა ჩამოთვლილი ქვეყანა საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია - იმპორტიორი, ექსპორტიორი, ინვესტორი.

შეუდარებლად ნაკლებად შეეხო საქართველოს ამერიკული საბაჟო გადასახადები ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ, ვინაიდან ქართული ეკონომიკა სუსტად არის ინტეგრირებული ევროპულში, მიუხედავად ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის ყოვლისმომცველი ზონის შექმნას და უკვე განხორციელებულ ვიზალიბერალიზაციას ითვალისწინებს.

თურქულ ლირასთან და რუსულ რუბლთან ერთად ქართული ლარის კურსის ერთდროულმა მკვეთრმა ვარდნამ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, თუ რამდენად „პირველადია“ საქართველოსთვის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ევროატლანტიკური „ზედნაშენის“ მიმართ. სახეზეა დუალიზმი, როცა საგარეო პოლიტიკურ პარტნიორებად დეკლარირებული არიან აშშ და დასავლეთის ქვეყნები, ხოლო სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორები რუსეთი და აღმოსავლეთის ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნები არიან, რომლებმაც საქართველო თავის სამომხმარებლო ბაზარზე შეუშვეს, თვითონ კი ქართულ ბაზარზე შემოვიდნენ და მისაწვდომ ფასებად შემოგვთავაზეს საქონელი და მომსახურება; მილიარდობით ინვესტიციებს ახორციელებენ საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიულ დარგებში და პერსპექტიულ საერთაშორისო პროექტებში ჩართეს საქართველო, მაგალითად, პროექტში „ერთი სარტყელი - ერთი გზა“; ხელი მოაწერეს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს და ლიდერობენ საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობის მიხედვით, აგრეთვე მიგრანტების რიცხვის მიხედვით, რომლებიც აქ მუდმივად საცხოვრებლად დარჩნენ და საკუთარი ბიზნესი წამოიწყეს.

მაგრამ პრეზიდენტმა - ბიზნესმენმა ტრამპმა მტკიცედ გადაწყვიტა, მისთვის გასაგებ - კონტროლირებად დონემდე გაამარტივოს მსოფლიო პოლიტიკური პროცესები, ანუ დაიყვანოს ისინი ელემენტარულ საბაზრო ურთიერთობამდე, რომელშიც ერთი ვალუტა მოქმედებს - მისი უდიდებულესობა აშშ დოლარი! ამიტომაც, საქართველოსთან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მიუხედავად, ირანთან თანამშრომლობის გამო აშშ-ს შეუძლია, ჩვენ წინააღმდეგ სავაჭრო-ეკონომიკური სანქციები გამოაცხადოს.

ერთპოლარული ლიდერობის ამერიკულმა პოლიტიკამ თავდაცვის ბიუჯეტზე დაყრდნობით, რომელიც 15-ჯერ აღემატება რუსეთისას, ხანმოკლე შიდასახელმწიფოებრივი ეფექტი მოიტანა - დაასტაბილურა ბაზრები, ბირჟები, ეკონომიკა, რაც დადებითად აისახა ამერიკელი ხალხის კეთილდღეობაზე, მაგრამ ჩამოაშორა აშშ-ს პარტნიორები, რომლებიც იძულებული გახდნენ, რუსეთის ირგვლივ დარაზმულიყვნენ. ასეთივე შიდასახელმწიფოებრივი ეფექტი ჰქონდა ნაცისტური გერმანიის პოლიტიკას მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე.  „ჩვენ საკუთარ სიძლიერეს ვასუსტებთ, როცა პატრიოტიზმს საგვარტომო მეტოქეობაში ვურევთ, რამაც წყენა, სიძულვილი და ძალადობა დათესა ჩვენი პლანეტის ყველა კუთხეში. ჩვენ მას ვასუსტებთ, როცა კედლებს ვეფარებით, იმის მაგივრად, რომ დავანგრიოთ ისინი, როცა ეჭვი გვეპარება საკუთარი იდეალების ძალაში, იმის ნაცვლად, რომ ვენდოთ მათ, როგორც ცვლილებათა უდიდეს ძალას“, - ჯონ მაკკეინმა თავის გამოსამშვიდობებელ წერილში ზუსტი დიაგნოზი დაუსვა ამერიკის საგარეო პოლიტიკას და, რა თქმა უნდა, მხოლოდ მექსიკასთან კედელი არ უგულისხმია.

ირანის, სირიის, რუსეთის, ჩრდილოეთ კორეის, ისრაელის და პალესტინის საკითხებში აშშ გამუდმებით ხისტ ულტიმატურ ჩარჩოებში სვამს არა მხოლოდ მოწინააღმდეგეებს, არამედ პარტნიორებსაც, ეკონომიკური „ბონუსებით“ და დემოკრატიული იდეალებით („ამერიკული ოცნება“, „თანაბარ შესაძლებლობათა ქვეყანა“) მიზიდვის ნაცვლად სანქციებს და საბაჟო გადასახადებს აწესებს და ამით პროვოცირებას უკეთებს საპასუხო საბაჟო გადასახადებს და ანტიამერიკანიზმს მთელ მსოფლიოში, რადგან ერებსა და სახელმწიფოებს გლობალიზაციით მიძინებულ თვითგადარჩენის ინსტინქტს უღვიძებს.

„ზამბარის“ ბოლომდე დაჭიმვისას ლოგიკურია, საპასუხო წინააღმდეგობას ან სხვა მიმართულებით გარღვევას ველოდოთ - მაგალითად, ანტირუსულმა სანქციებმა არა მხოლოდ რუსეთის ეკონომიკის მოდერნიზაციის პროვოცირება მოახდინა, რომელიც ბოლო დრომდე ნავთობზე იყო დამყარებული, არამედ მეცნიერებაში შთამბეჭდავი გარღვევაც გამოიწვია, თავდაცვის მრეწველობის ნოუ-ჰაუ გამოყენებას პოვებს სამოქალაქო მრეწველობაშიც. „სამეცნიერო-ტექნოლოგიური გარღვევა სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტია და რუსეთს ძალუძს მისი განხორციელება სახელმწიფოს და საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანებით!“, - ამას შემთხვევით როდი გაუსვა ხაზი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტექნოლოგიური განვითარების საერთაშორისო ფორუმზე „ტექნოპრომ 2018“-ზე გამოსვლისას.

ეკონომიკურ ომთან შედარებით განუზომლად უარესი შედეგები ექნება საქართველოსთვის, კავკასიისთვის, შავი ზღვისპირეთის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის აშშ-ის ომს ირანის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის თავიდან აცილების საბაბით. ათობით მილიონი ირანელი ლტოლვილი მიაწყდება აზერბაიჯანს (ეთნიკური აზერბაიჯანელები), სომხეთს და საქართველოს; ყარაბაღში ომი იფეთქებს თურქეთის მონაწილეობით და მასში ჩათრეული იქნებიან რუსეთი და საქართველო - ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე გამავალი მაგისტრალური მილსადენების და ყარსი-ახალქალაქი-ბაქოს რკინიგზის გათვალისწინებით; ტერორისტული აქტებით თავს შეგვახსენებენ პანკისის ხეობის ტერორისტები; სომხებითა და აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონები - სამცხე-ჯავახეთში და ქვემო ქართლში იფეთქებს მასობრივი შეტაკებები ეროვნებათაშორის და რელიგიათაშორის ნიადაგზე. სამაგიეროდ, განხორციელდება „ამერიკული ოცნება“ - რეგიონის დესტაბილიზაცია მის ენერგეტიკულ და გეოსტრატეგიულ რესურსებზე სრული კონტროლის მოპოვების მიზნით, „კასპიის ხუთეულის“ ქვეყნების საპირისპიროდ, რომლებმაც ხელი მოაწერეს კონვენციას კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ, რაც არაკასპიისპირეთის სახელმწიფოების ჩარევას გამორიცხავს.

ტოტალურ სავაჭრო-ეკონომიკურ სანქციებს დავუბრუნდები, იმის იმედით, რომ პრაგმატიკოსი ტრამპი მაინც შეიკავებს თავს ირანთან ომისაგან, როგორც ეს ჩრდილოეთ კორეის შემთხვევაში მოხდა. არის საგანგაშო სიგნალები, რომ აშშ, რომელიც აქამდე სანქციების ალყას არტყამდა მსხვილ მოთამაშეებს, რომლებიც „შერისხულ“ ირანთან ან რუსეთთან ურთიერთობას ბედავდნენ, მალე სამხრეთ კავკასიის „სამეულისთვის“ - საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვისაც მოიცლის. სომხეთში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ მილსმა 14 აგვისტოს შემთხვევით როდი განაცხადა, რომ ირანულ კომპანიებთან ბიზნესის დაწყებამდე სომეხმა მეწარმეებმა კონსულტაცია უნდა გაიარონ აშშ-ს საელჩოში, იმისთვის, რომ სომეხი მეწარმეები თვითონ არ მოექცნენ აშშ-ის ანტიირანული სანქციების ქვეშ. „ამერიკელი დიპლომატის ამ განცხადებამ სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია სომხეთში. ადამიანებმა ეს ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევად აღიქვეს. აშკარაა, აშშ-ის საელჩოსთან კონსულტაცია იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან სომხეთ-ირანის ურთიერთობებს ვაშინგტონი განსაზღვრავს და არა სომხეთის მთავრობა. რა არის ეს, თუ არა ულტიმატუმი სომხეთის მიმართ და აშშ-ის ჩარევა სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში?!“, - წერს EADaily.

ცნობილი არ არის, წაუყენეს თუ არა ანალოგიური ულტიმატუმი საქართველოს მთავრობას - ის ამის შესახებ ზუსტად ისევე დუმს, როგორც სომხეთის მთავრობა. თუ ასე იყო, ეს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა გააკეთა, რადგან თებერვლიდან აშშ-ს საქართველოში ელჩი არ ჰყავს. მსგავსი პრეცედენტები უკვე მომხდარა - გავიხსენოთ აშშ-ის პროტესტი საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმის შემოღების და პირდაპირი ავიამიმოსვლის გახსნის გამო, რის შედეგად 2017 წელს ირანიდან ვიზიტორების რაოდენობა 118%-ით გაიზარდა, ხოლო მარტო 2018 წლის 1 კვარტალში 91 ათასზე მეტი ვიზიტორია დაფიქსირებული, რაც 64%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.  სამხრეთ კავკასიაზე აშშ-ის სანქციური პოლიტიკის გავრცელება არა მხოლოდ რეგიონის უსაფრთხოებას და ბალანსს დაემუქრება, არამედ საქართველოს და სომხეთის ისედაც „სულთმობრძავ“ ეკონომიკებს გაანადგურებს. ამით ამერიკა საკუთარი ხელით კიდევ ერთხელ უბიძგებს საქართველოს და აზერბაიჯანს რუსეთისკენ - კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის და ევრაზიულ ეკონომიკური კავშირისკენ, ყარაბაღში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ტერიტორიული კონფლიქტების ერთდროულად მოგვარების პერსპექტივით!

იმ პირობებში, როცა თეირანი მხარს უჭერს ასადის მთავრობას, საქართველოს მხრიდან სირიის საკითხში აშშ-ის დეკლარაციული მხარდაჭერა გარკვეულ მომენტში, შესაძლოა, საკმარისი აღარ აღმოჩნდეს და თბილისს სოლიდარობის დამატებითი მტკიცებულებები მოსთხოვონ, როგორც ცოტა ხნის წინ მოსთხოვეს ერთი რუსი დიპლომატის გაძევება სკრიპალის მოწამვლის გამო. შედეგად საქართველო იძულებული იქნება, უარი თქვას 80-მილიონიანი მოსახლეობის მქონე რეგიონული პარტნიორის - ირანის მდიდარ ტურისტულ, ენერგეტიკულ და საინვესტიციო პოტენციალზე, კერძოდ:

- უარი თქვას აზერბაიჯანის, თურქეთის და ირანის მონაწილეობით შავი ზღვის სპარსეთის ყურესთან და ინდოეთის ოკეანესთან შემაერთებელი სატრანსპორტო დერეფნის პროექტში მონაწილეობაზე;

- უარი თქვას ირანის, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის და რუსეთის მონაწილეობით ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო ენერგეტიკულ მარშრუტში მონაწილეობაზე;

- უარი უთხრას ირანის კომპანია Geopars-ს საქართველოში პირველი ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსის მშენებლობაზე ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში, სადაც მდებარეობს ნავთობის ტერმინალი, რომელშიც აზერბაიჯანიდან ბაქო-სუფსის მილსადენით მიეწოდება ნავთობი, შემდეგ კი მსოფლიო ბაზარზე გადის. 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტის განხორციელება, ათასობით სამუშაო ადგილის შექმნის გარდა, საშუალებას იძლევა, არა მხოლოდ საგრძნობლად შემცირდეს საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი, არამედ მისი საექსპორტო პოტენციალიც გაიზარდოს;

- უარი თქვას ირანთან საქონელბრუნვაზე, რომელმაც 2017 წელს თითქმის 200 მილიონ დოლარს მიაღწია, საიდანაც ქართული პროდუქციის ექსპორტი 80 მილიონ დოლარს შეადგენდა (წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე 2018 წელს ეს მაჩვენებლები მკვეთრად გაიზარდა იმის გათვალისწინებით, რომ ირანში ქართული მინერალური წყლების, ხილ-ბოსტნეულის წვენების და კონსერვების, ჩაის, უალკოჰოლო გაზიანი სასმელების და საფეიქრო პროდუქციის ექსპორტი დაიწყო);

- უარი თქვას საგანგებო ლოგისტიკური ცენტრების შექმნაზე ირანის პორტებში - როგორც სპარსეთის ყურეში, ისე კასპიის ზღვაზე, რაც ქართველ გადამზიდველებს ირანის ნებისმიერ პორტში შესვლის და ტვირთის მიღების უფლებას მისცემდა. ეს ხელს შეუწყობდა  ირანს, საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის სახელმწიფოებს შორის ტვირთბრუნვის გაზრდას;

- უარი თქვას ქართული სატრანსპორტო საშუალებებისთვის ირანში შეძენილ საწვავზე 70% ფასდაკლებაზე, რაც ირანის ბაზარზე ქართველი გადამზიდველების კონკურენტუნარიანობას გაზრდიდა.

საპასუხოდ მოხდება რუსეთიდან სომხეთში ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტების გახსნის ფორსირება: სარკინიგზო „რუსეთი-აფხაზეთი-საქართველო-სომხეთი“, და საავტომობილო „რუსეთი-სამხრეთ ოსეთი-საქართველო-სომხეთი“. ეს თემა „დახურულ კარს მიღმა“ განიხილეს გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტის დროს საქართველოში და საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ამასწინანდელი ვიზიტის დროს აზერბაიჯანში. 

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2018 წლის 3 სექტემბერი
საქართველო, თბილისი