საზოგადოება
საქართველო ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგს უაღრესად წარმატებით ასრულებს - დავით ზალკალიანი

 საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასა და დღის წესრიგს უაღრესად წარმატებულად ასრულებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპარლამენტში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, საქართველოს პოზიტიური შეფასება აქვს ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის მხრიდან.

ველით, რომ ეს შეფასებები ასევე პოზიტიური იქნება განხილვის დროს. საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანება. ჩვენ გვაქვს უაღრესად ამბიციური გეგმა“, – ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

მისი განმარტებით, უკვე შემუშავებულია საგზაო რუკა, რომელიც ერთგვარად საშინაო საქმიანობაა საქართველოს ევროკავშირში ფუნქციურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით და ევროკავშირის სხვადასხვა პროექტში საქართველოს აქტიურ ჩართვას გულისხმობს.

დონე, რომელიც გვაქვს ევროკავშირთან, ახალი ფორმატები განაპირობებს იმას, რომ ასოცირების დღის წესრიგის შესრულება უაღრესად წარმატებულად მიმდინარეობს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ევროპარლამენტში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების საკითხი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განიხილეს.