საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. თრუსოს ხეობაში საქართველოს ხუთი მოქალაქე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ აკონკრეტებენ, თრუსოს ხეობის რა მონაკვეთში, რა ვითარებაში მოხდა საქართველოს მოქალაქეების დაკავება და რას ითხოვს მათ გასათავისუფლებლად საოკუპაციო რეჟიმი.
არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები თრუსოს ხეობაში ლაშქრობაში იმყოფებოდნენ. გატაცებულთა ახლობლები მცხეთის პოლიციაში გამოჰკითხეს.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო „რესის“ თანახმად, 28 აგვისტოს ჯავის რაიონში, ყელის ტბასთან რუსეთისა და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამხედროებმა საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს.
დაკავებული არიან 30 წლის ბექა მაღრაძე, 29 წლის ქეთევან მაღრაძე, 26 წლის მზია გომური, 21 წლის ვახტანგ გუბელაძე და 22 წლის გია ბაღდოშვილი.
ინფორმაციის თანახმად, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საზღვრის დაცვის სამსახური გამოძიებას აწარმოებს, განიხილება საქმის სასამართლოსთვის გადაცემის საკითხი.