საზოგადოება
დასავლეთს უნდა ავუხსნათ, რომ ლიბერალური ღირებულებები კი არა, ეკონომიკური დახმარება გვჭირდება! - კახა კუკავა

 საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს კახა კუკავას მიაჩნია, რომ საქართველოსა და ევროპას შორის ურთიერთობა უფრო პრაგმატული უნდა იყოს. 

„ჩვენ პრაგმატულ კურსს ვუჭერთ მხარს. რა თქმა უნდა, ვემხრობით იმას, რომ საქართველომ რეალურად ითანამშრომლოს დასავლეთის ქვეყნებთან. თუმცა, ამ ურთიერთობაში მეტი პრაგმატიზმია საჭირო. დასავლეთს უნდა ავუხსნათ, რომ ლიბერალური ღირებულებები კი არა, ეკონომიკური დახმარება გვჭირდება“, - თქვა კუკავამ Sputnik Грузия-სთან ინტერვიუში. 

2004-2008 წლებში კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. საკანონმდებლო ორგანოში ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიით მოხვდა, თუმცა იმავე წელს ოპოზიციაში გადავიდა და საქართველოს კონსერვატიულ პარტიას შეუერთდა. 2007-2009 წლებში ის საქართველოში ოპოზიციური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო. 2010 წელს კონსერვატიული პარტიიდან წამოვიდა და საკუთარი პოლიტიკური გაერთიანება - „თავისუფალი საქართველო“ დააარსა. 

2017 წელს კახა კუკავამ თბილისის მერის არჩევნებზე სცადა ბედი, მაგრამ ხმების მხოლოდ 1,25% მოაგროვა და მეშვიდე ადგილი დაიკავა. 

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს არის დანიშნული. დღესდღეობით პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 30-მა ადამიანმა მიმართა.