საზოგადოება
უკრაინასთან ერთად, პირადობის ელექტრონული მოწმობებით მოგზაურობის შემოღება სხვა ქვეყნებთანაც იგეგმება

 საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. პირადობის ელექტრონული მოწმობების მფლობელებს უფლება ექნებათ, ორივე ქვეყნის მხრიდან იმოგზაურონ, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

პრემიერის თქმით, ანალოგიური მიდგომის გამოყენება სხვა ქვეყნებთანაც იგეგმება. 

წინა შეხვედრის დროს განვაცხადე, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ტურიზმში მოვიძიოთ ახალი პოტენციალი და მოვახდინოთ საქართველოს გეოგრაფიული უპირატესობის უფრო სრულფასოვანი რეალიზაცია. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენს მეგობარ ქვეყანა უკრაინასთან ორმხრივი ურთიერთობის საფუძველზე შევძლებთ და პირადობის ელექტრონული მოწმობების მფლობელ მოქალაქეებს უფლება ექნებათ, ორივე ქვეყნის მხრიდან იმოგზაურონ, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ ჩვენ ორმხრივი ურთიერთობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ. ამავე დროს, ეს დაეხმარება ტურიზმის განვითარებას და ზოგადად, ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. 

ამასთან ერთად, ჩვენ ვიხილავთ ანალოგიური მიდგომის გამოყენებას სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც და უახლოეს მომავალში გაცნობებთ ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

საქართველოსა და უკრაინას შორი პირადობის დამადასტურებელი ბიომეტრიული მოწმობებით მიმოსვლის ამოქმედება სექტემბერში იგეგმება.