სამართალი
მოლოდინი გვაქვს, რომ შესაძლოა, მალხაზ მაჩალიკაშვილი დააკავონ - მარიამ კუბლაშვილი

 საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. მოლოდინი გვაქვს, რომ შესაძლოა, მალხაზ მაჩალიკაშვილი დააკავონ, თუმცა ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა სუს-ში შესვლამდე განაცხადა. 

ადვოკატის თქმით, მაჩალიკაშვილს მიაჩნია, რომ სუს-ის შენობაში მისი დაკითხვები წამებაა. 

ჩვენ ვუბრუნდებით წარსულს, იმ საქმეს, რომელზეც განაჩენი უკვე დამდგარია. ამ გამოძიების ფარგლებში კითხავენ მალხაზ მახალიკაშვილს. თუმცა დღეს ვაცხადებთ, რომ მაჩალიკაშვილი უსაფრთხოების სამსახურის შენობაში ბოლოჯერ გამოცხადდა. მას არ სურს ამ შენობაში მოსვლა. მინიმუმ 5 საათი მიმდინარეობს თითო დაკითხვა და თავად მიიჩნევს, რომ ეს მისი წამებაა, ის არის ფიზიკურად შეუძლოდ. ამასთან, კითხვები არ ეხება რაიმე ახალ გარემოებას ან მტკიცებულებას. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ინტენსიური დაბარებებია, მოლოდინი გვაქვს, რომ შესაძლოა, დააკავონ, თუმცა ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ვფიქრობთ, დაკითხვები მის ემოციურ მდგომარეობაზე თამაშს უკავშირდება“, - განაცხადა კუბლაშვილმა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობდა. საქმე ეხება ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც მაჩალიკაშვილი კიდევ ერთხელ გამოიკითხა. მაჩალიკაშვილი უწყებაში ორ ადვოკატთან ერთად გამოცხადდა. გარდა ამისა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში დაკითხვაზე მის განცხადებასთან დაკავშირებითაც იმყოფებოდა, რომლის მიხედვითაც იგი სუს-ის შენობასთან თავის აფეთქებას აპირებდა.