სამართალი
IDFI დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით შსს-სგან განმარტებას ითხოვს

 საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ანალიზს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კრიმინოგენური მდგომარეობის შესახებ ოფიციალურად გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხება. 

IDFI მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2018 წლიდან დანაშაულის სტატისტიკის ყოველთვიურად გასაჯაროების დამკვიდრებულ პრაქტიკას. 

ამასთან, სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შედეგად, ორგანიზაცია სამინისტროს მოუწოდებს:  საზოგადოებას დეტალურად განემარტოს სტატისტიკის მიხედვით 2018 წლის საწყისი 7 თვის განმავლობაში ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობის და დანაშაულის გახსნის მაჩვენებლების მკვეთრი გაუარესების მიზეზები; 2018 წლის საწყის 7 თვეში დანაშაულის სტატისტიკის მკვეთრი გაუარესების ერთ-ერთ მიზეზად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხილული იყოს წინა წლებში დანაშაულის სტატისტიკის შესაძლო ფალსიფიკაცია და აღნიშნულის დადგენის მიზნით სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა უზრუნველყოს მოკვლევის ჩატარება. 

„2018 წლის საწყისი 7 თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული მონაცემების წინა წლებთან შედარება ცალსახად მიმდინარე წელს ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობის და გახსნის მაჩვენებლის მკვეთრ გაუარესებაზე მიუთითებს. თუმცა, სტატისტიკის რაიმე მეთოდოლოგიური ცვლილებების ან სხვა განსაკუთრებული წინაპირობის არარსებობის ფონზე, მოკლევადიან პერიოდში კრიმინოგენური მდგომარეობის და პოლიციის საქმიანობის ამსახველი მონაცემების მკვეთრი გაუარესება მნიშვნელოვან ეჭვებს აჩენს განვლილი წლების სტატისტიკის სანდოობასთან დაკავშირებით. 

აღნიშნულ ვარაუდს მნიშვნელოვნად ამყარებს განვლილ წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან თანმიმდევრულად სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებისგან თავის არიდება და ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს თუ საერთაშორისო საზოგადოებისათვის ურთიერთგამომრიცხავი მონაცემების გაცნობა“, – აცხადებენ IDFI-ში.