აქტუალური
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,5 პროცენტამდე გაზარდა

 საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2018 წლისთვის 4,8 პროცენტიდან 5,5 პროცენტამდე გაზარდა. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში, რომელიც ფონდის მისიის დასრულებას ეძღვნება. 

ეკონომიკურმა აქტივობამ იმატა 2018 წლის პირველ ნახევარში. წლიურმა ზრდამ 5,7 პროცენტი შეადგინა, რასაც ხელი შეუწყო ძლიერმა საგარეო მოთხოვნამ, ფულადი გზავნილების და დაკრედიტების ზრდამ. წინასწარი მონაცემებით, ივნისის ბოლოს მდგომარეობით, ბიუჯეტიც მოსალოდნელზე უკეთესად სრულდებოდა. ინფლაციამ ივლისში 2,8 პროცენტი შეადგინა და წლის განმავლობაში მეტწილად საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელზე (3 პროცენტზე) ქვემოთ იყო. იმის გათვალისწინებით, რომ ინფლაციის პროგნოზი დაბალ დონეზე ნარჩუნდება, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია დაიწყო და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა. ამავდროულად, დეპოზიტებისა და სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი კლებას განაგრძობს. მაღალი ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით 2018 წლის ზრდის პროგნოზი 4,8 პროცენტიდან 5,5 პროცენტამდე გავზარდეთ. მოსალოდნელი მაღალი ეკონომიკური აქტივობა და სავაჭრო პირობების შესუსტება, სავარაუდოდ, გაზრდის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს. ეკონომიკურ პერსპექტივაზე შესაძლო უარყოფითი გავლენის მქონე რისკები, რაც განპირობებულია რეგიონში არსებული ვითარებით და სავაჭრო კონკურენციით, რეზერვების დაგროვების და მოქნილი გაცვლითი კურსის შენარჩუნების საჭიროებას წარმოშობს“, – განაცხადა ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა. 

მისი თქმით, მოქნილი გაცვლითი კურსი სასარგებლოა საქართველოსთვის და იგი, გონივრულ მაკროპოლიტიკასთან ერთად, საგარეო შოკების მიმართ ქვეყნის მედეგობას გააძლიერებს.